„ომიკრონის“ გამო საკარანტინო და საიზოლაციო ვადები შემცირდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვრიდან შეიცვალა იზოლაციის და კარანტინის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის.

ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტებისთვის:

  • კარანტინის ვადა განისაზღვრა 8 დღით
  • სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს 24 საათი
  • იზოლაციის დასრულებიდან, მომდევნო 5 დღე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის:

  • კარანტინის ვადა განისაზღვრა 10 დღით
  • სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში
  • იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის ტარება

როგორც სამინისტრო განმარტავს, იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ოჯახის ექიმი.

ამავე ცნობით, კარანტინის ვადები მცირდება COVID - 19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირებისთვისაც.

კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

  • ბუსტერ დოზით ვაქცინირებული პირები
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში
  • კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში

მკაცრად, 8 დღე, ექვემდებარებიან კარანტინს და ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში:

  • არავაქცინირებულ და არასრულად ვაქცინირებულ პირებს
  • ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში
  • ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირებს
  • პირებს კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში

როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია COVID - 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან, რადგან ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ რა დაგვიცავს „ომიკრონისგან“?