ჟენევაში ბლინკენ-ლავროვის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ჟენევაში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლაპარაკება, რომელშიც დელეგაციის წევრებიც მონაწილეობენ.

შეხვედრის დაწყების წინ ლავროვმა განაცხადა, რომ სურს სახელმწიფო მდივანთან განიხილოს ე.წ. რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. ლავროვი არ ელის რაიმე „გარღვევას“ ამ შეხვედრისგან, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოლაპარაკება რუსეთს აშშ-ის პოზიციის გარკვევაში დაეხმარება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა არის ნაწილი აშშ-ისა და მის მოკავშირეების ძალისხმევისა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესიის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ამასთან ენტონი ბლინკენმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთი, უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, მოკავშირეთა სწრაფ და ერთსულოვან პასუხს მიიღებს.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას თან ახლავს რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოსგან „უსაფრთხოების გარანტიების“ მოთხოვნა. მათ შორის, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.