რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელი კოლეგა მოსკოვში მიიწვია

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში, 2021 წლის ნოემბერი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, თავისი ბრიტანელი კოლეგა, ბენ უოლესი მოიწვია ვიზიტისთვის მოსკოვში - უშიშროებისა და ევროპაში დაძაბულობის შენელების საკითხებზე მოსალაპარაკებლად, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი", სამინისტროს პარასკევის განცხადებაზე დაყრდნობით.

უოლესმა ამ კვირაში მსგავსი მოწვევა გაუგზავნა შოიგუს, რომელშიც სთხოვდა მას, ვიზიტით ჩასულიყო ლონდონში - უშიშროების სფეროში საერთო საკითხებზე მოსალაპარაკებლად მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, უკრაინისა და მისი ნატოში მისწრაფების შესახებ.

რუსეთი უარყოფს, რომ თავდასხმას გეგმავს მეზობელ უკრაინაზე, თუმცა აცხადებს, რომ შესაძლოა, ჩაატაროს დაუკონკრეტებელი სამხედრო ქმედება, თუ მოთხოვნათა სია არ იქნება შესრულებული, მათ შორის, ნატოს დაპირება - არასდროს მიიღოს უკრაინა.