სასამართლომ უარყო ალექსეი ნავალნის სარჩელი პოკროვის კოლონიის წინააღმდეგ

რუსეთის ვლადიმირის ოლქის სასამართლომ უარყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სარჩელი პოკროვის კოლონიის მიმართ, რომელშიც ის იხდის პატიმრობას და რომლისგანაც ითხოვდა, მოეხსნათ აღრიცხვიდან, როგორც ექსტრემისტი და ტერორისტი.

„მე ვზივარ ამ ციხეში და აღრიცხვაზე ვარ, როგორც ექსტრემისტი და ტერორისტი, ვინაიდან ჩვენს ხელისუფლებაში არა მხოლოდ ქურდები და ფარისევლები არიან, არამედ უბრალოდ პათოლოგიური ცრუპენტელებიც, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ყველა სხვა ჯოჯოხეთურ რამეებში დაადანაშაულონ. სრულიად ვოლუნტარისტული საშუალებით თქვან: ‘ის ტერორისტია’“, - განაცხადა ნავალნიმ სასამართლოში გამოსვლისას.

შარშან ოქტომბერში ნავალნი იტყობინებოდა, რომ კოლონიაში ის მოხსნეს აღრიცხვიდან, როგორც გაქცევისკენ მიდრეკილი და აიყვანეს ახალ აღრიცხვაზე - როგორც ექსტრემიზმისა და ტერორიზმისკენ მიდრეკილი.

მანამდე ნავალნი და მისი რამდენიმე თანამებრძოლი „როსფინმონიტორინგმა“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში მოხვედრილ პირებს უყინავენ საბანკო ანგარიშებს. შარშან ივნისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ორგანიზაციები ექსტრემისტულად გამოაცხადა და აკრძალა.

ალექსეი ნავალნი 2021 წლის მარტიდან იმყოფება პოკროვის შრომა-გასწორებით კოლონიაში ვლადიმირის ოლქში, სადაც სასჯელს იხდის ე.წ. „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით. ის, მისი თანამებრძოლები და უფლებადამცველი ორგანიზაციები მისთვის პირობითი სასჯელის რეალურ სასჯელად შეცვლას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.