საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ ალექს ლოიოსს მეგობრები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. ის აშშ-ის მოქალაქეა.
ახლობლების ინფორმაციით, მას ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ხუთი დღის წინ, 7 თებერვალს ჰქონდა.
"ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ბოლოს ნახა 9 თებერვალს, ძველ თბილისში (კოტე აფხაზის ქუჩაზე) ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულს და დაბნეულს", - წერია ახლობლების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.
ალექს ლოიოსის ახლობლები მოქალაქეებს სთხოვენ, თუ მის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ, დარეკონ მეგობრებთან, 112-ში ან გამომძიებელთან.
"ეს ტელეფონი იმიტომ არის მითითებული, რომ თუ რამე სიახლე გაიგეთ, მითხრათ, რაღაც გავაკეთო. როგორც კი იქნება ნაპოვნი, გაიგებთ ინფორმაციას", - უთხრა გამომძიებელმა პაატა ხაინდრავამ რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლება აშშ-ის გაუჩინარებულ მოქალაქეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. უწყებაში ჯერ ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.