ხომ არ ეწევიან რესტორნებში, კლუბებსა და ტელევიზიებში? - NCDC 400 000-ლარიან ტენდერს აცხადებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამდენიმე ასეულ ათას ლარს დახარჯავს იმის გამოსაკვლევად, ეწევიან თუ არა თამბაქოს აკრძალულ ადგილებში - რესტორნებში, მედიაორგანიზაციებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ სხვა საჯარო სივრცეებში. ამავე კვლევით უწყება შეამოწმებს გადის თუ არა მედიაში თამბაქოს შესახებ რეკლამა.

კვლევისთვის 400 ათასი ლარია გამოყოფილი. გამარჯვებული ტენდერის გზით გამოვლინდება.

გარდა იმისა, რომ მკვლევრები შეაგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა სივრცეში მოწევის წესების შესრულებაზე, ისინი ვალდებული იქნებიან დარღვევების შესახებ პოლიციას შეატყობინონ. საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს მოწევის აღმოჩენის შემთხვევაში, მფლობელი 500 ლარით ჯარიმდება. იმავე წელს დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. მესამე და ყოველ შემდეგ დარღვევაზე კი - 2000 ლარიანი ჯარიმაა.

NCDC შემთხვევითი შერჩევით შეისწავლის ეწევიან თუ არა თამბაქოს მინიმუმ 4000 დაწესებულების აკრძალულ სივრცეებში (40% - თბილისში, 60% - სხვა ქალაქებში), მათ შორის:

  • სასტუმროებში, კინო-თეატრებში, სილამაზის სალონებში, მედიაორგანიზაციებში - მინიმუმ 2 700 დაწესებულებაში;
  • სამედიცინო დაწესებულებებში - 700;
  • უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში - 350 დაწესებულებაში;
  • სახელმწიფო დაწესებულებებში - 250.

გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში გადაამოწმებენ:

  • მინიმუმ 3000 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს განთავსების წესებს, იყიდება თუ არა პროდუქტი არასრულწლოვანზე, არის თუ არა რეკლამა;
  • მინიმუმ 1500 საზოგადოებრივ ტრანსპორტში არის თუ არა რეგულაცია დაცული (საქალაქო მარშრუტი - 90%, საქალაქთაშორისო - 5%; რკინიგზა - 5%);
  • ტელევიზიაში, რადიოში, ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტში რეკლამა არის თუ არა განთავსებული. კვლევაში ჩართული პირები ვალდებული არიან დარღვევის შესახებ აცნობონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

წესების დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებენ როგორც მძღოლებს, ისე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს და რეკლამის განმთავსებლებს. ჯარიმა ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა.

საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე კანონი 2018 წელს გამკაცრდა. 4 წლის წინ თამბაქოს მოწევა აიკრძალა თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებში, კაფეებში, კლუბებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.