ფრანგი მინისტრი: ირანთან ბირთვული მოლაპარაკება „გარდამტეხ ფაზაშია“, ირანი დასავლეთს მოუწოდებს, იყოს „რეალისტი“

საფრანგეთი აცხადებს, რომ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადარჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩა რამდენიმე დღე და ახლა პოლიტიკური არჩევანი თეირანმა უნდა გააკეთოს. „გარდამტეხ მომენტს მივაღწიეთ. კვირების არა, უკვე დღეების საქმეა„ გადაწყვეტილების მიღება, - განაცხადა საფრანგეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა.

მოლაპარაკებებზე ირანის მთავარმა წარმომადგენელმა, ალი ბაღერი ქანიმ, დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, „იყვნენ რეალისტები“. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები უნდა შეეცადონ დათმობების გაკეთებას და ბოლო ოთხი წლის გაკვეთილები გაიხსენონ. დადგა დრო, სერიოზული გადაწყვეტილებებისა, - თქვა ქანიმ, რომელიც თვლის, რომ ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ „როგორც არასოდეს მივუახლოვდით შეთანხმებას, თუმცა არაფერია შეთანხმებული, თუ არ არის ყველაფერი შეთანხმებული“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა, განაცხადა, რომ აშშ ბირთვული შეთანხმების გადარჩენის გარშემო ირანთან არაპირდაპირი მოლაპარაკების „სულ ბოლო სტადიაზე იმყოფება.“ მისი თქმით, „მართლაც გადამწყვეტი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც უნდა განვსაზღვროთ, დავუბრუნდებით თუ არა „ერთობლივი მრავალმხრივი მოქმედების გეგმის პირობების დაცვას (JCPOA)".