საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, უწყების წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელსაც ხშირად კამპანიური ხასიათი აქვს და მიმართულია პროკურორების დემოტივაციისა და საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებისკენ.
ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარდგენისას განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო პროკურატურის გამჭვირვალობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რაც გამოიხატა პროაქტიულად გავრცელებული ინფორმაციების, განცხადებების თუ ჩატარებული ბრიფინგების უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობაში, ამის პარალელურად, სამწუხაროდ, მრავლად არის დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აღნიშნული მიზნად ისახავს პროკურატურის და მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაციას, ამავდროულად ჩვენი პროკურორების დემოტივაციასა და ჩვენს საქმიანობაზე ხელშეშლის მიზნით გავლენის მოხდენის მცდელობას. თუმცა, ყველას გასაგონად ვიტყვი, რომ ამ მცდელობებს არანაირი შედეგი არ ექნება, ჩვენ ჩვენს საქმეს კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისი თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურ მუშაობას აპირებენ.