ბუკინგემის სასახლე: დედოფალს კოვიდი დაუდასტურდა

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს კოვიდი დაუდასტურდა და მას გაცივების მსგავსი, მსუბუქი სიმპტომები აქვს, თუმცა მომავალ კვირაში მაინც გეგმავს "მსუბუქი მოვალეობების" შესრულებას, - იუწყება ბიბისი.

"დედოფალი გააგრძელებს მკურნალობას და გაითვალისწინებს ყველა საჭირო სამედიცინო რჩევას", - წერს სასახლე განცხადებაში.

95 წლის დედოფალს კონტაქტი ჰქონდა თავის უფროს ვაჟთან და მემკვიდრესთან, ჩარლზთან, რომელსაც კოვიდი გასულ კვირაში დაუდასტურდა.

ელისაბედი არის მონარქი, რომელიც ბრიტანეთს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავს - 6 თებერვალს მისი მართვის 70-ე წლისთავი, ე.წ. "პლატინის იუბილე" აღინიშნა.

ბიბისის კორესპონდენტების ცნობით, დედოფალი სრულად ვაქცინირებულია.