როსტოვის ოლქის მაცხოვრებლები იტყობინებიან, რომ ცეცხლი გაუხსნეს მილეროვოს აეროდრომს

როსტოვის ოლქის მაცხოვრებლები იტყობინებიან, რომ ცეცხლი გაუხსნეს რეგიონის ჩრდილოეთში, უკრაინის მახლობლად მდებარე მილეროვოს აეროდრომს. სოცქსელების მომხმარებლები ადგილიდან ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას. ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

თვითმხილველთა თქმით, ხალხმა გაიგო ძალიან ძლიერი ხმა. მაღლივი კორპუსების მაცხოვრებლებმა ცეცხლი დაინახეს.

როსტოვის მედიისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ აეროდრომზე პარასკევს დილით განახორციელა იერიში უკრაინის არმიამ. იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. თვითმფრინავები არ დაზიანებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს განადგურებულია სამხედრო ინფრასტრუქტურის 80 ობიექტი, მათ შორის აეროდრომები, სამეთაურო პუნქტები, რადიოსალოკაციო სადგურები. ამასთან, უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ საცხოვრებელ სახლს მოხვდა ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები. დაიჭრა სამი ადამიანი, ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

24 თებერვლის დილიდან რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე. იტყობინებიან, რომ იბომბება უკრაინის დიდი ქალაქები. მიმდინარეობს ბრძოლები დონბასში, ხარკოვის მახლობლად, უკრაინის ჩრდილოეთში. გავრცელდა ცნობები რუსეთის დესანტზე კიევთან და ქვეყანაში რუსეთის ჯარების შეჭრაზე ანექსირებული ყირიმიდან. ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხარეს ათობით დაღუპულის შესახებ.