მოსკოვის საფონდო ბირჟას აქციებით ვაჭრობისთვის სავარაუდოდ, 15:00 საათამდე არ გახსნიან

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობა, სავარაუდოდ, 15:00 საათამდე არ დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის „ახალი ამბების ფედერალური სააგენტო“ წერს. მისი ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკი გადაწყვეტილებას 13:00 საათზე გამოაცხადებს.

დღეს, 28 თებერვალს, რუსეთის სავალუტო და საფონდო ბაზარზე მოსალოდნელია მკვეთრი ვარდნა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სერიოზული სანქციების შედეგად.

დილით, საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობის დაწყებისას რუსული რუბლი ევროსთან მიმართებით დაახლოებით 40%-ით, ხოლო აშშ დოლართან მიმართებით 30%-ით გაუფასურდა.

ასევე ნახეთ

ამოქმედდა ევროკავშირის სანქციები რუსული ავიაკომპანიებისა და ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ

რუსეთი მეხუთე დღეა განაგრძობს საომარ მოქმედებებს სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ. პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი). უკრაინის შეიარაღებული ძალების და მოხალისეების წინააღმდეგობის შედეგად რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის ვერცერთ დიდ ქალაქზე კონტროლის დამყარებას.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას უკვე ემსხვერპლა 350-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 14 ბავშვის სიცოცხლე.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის და ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. ამ ფონზე, 27 თებერვალს, პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.