თბილისის მერი B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერმა კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს თავიანთი საქმიანობის კანონიერად განხორციელებისა და ლიცენზიის აღებისკენ მოუწოდა. B კატეგორიაში შედიან ტაქსები, რომლებიც მანიშნებლების გარეშე მუშაობენ და სხვადასხვა აპლიკაციაში არიან ჩართული. ამ კატეგორიისთვის არ არის სავალდებულო თეთრი ფერის მანქანა, თუმცა საჭიროა შესაბამისი ლიცენზია.

"კონტროლი, რომელიც ყოველთვის იყო ამ მიმართულებით, გამკაცრდება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, ვინც ამ სერვისს ეწევა, რომ ლიცენზიების აღება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ულიცენზიოდ საქმიანობა გამოიწვევს დაჯარიმებას. რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს მათი დაჯარიმება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ლიცენზია, რომლის მიღება მუნიციპალიტეტში ძალიან მარტივია. სანებართვო მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდის შემთხვევაში - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილის შემთხვევაში, ნებართვა უფასოა. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაიხდით თავს დასაჯარიმებლად, აიღეთ ნებართვა და თქვენი საქმიანობა განახორციელეთ კანონიერად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელსაც მუნიციპალიტეტი 2019 წლიდან ახორციელებს, ზაფხულისთვის მომდევნო ეტაპი ამოქმედდება, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოება დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

ასევე ნახეთ B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ