დღე პირველი: ქუთაისი-ბერლინი-ფშემისლი

თბილისიდან ფშემისლამდე, პოლონეთისა და უკრაინის საზღვრამდე ძირითადად უკრაინელებთან ერთად ვიმგზავრე. ჯერ მატარებლით, მერე თვითმფრინავით და ბოლოს ავტობუსით. მთელი ამ 24 საათის განმავლობაში ერთი და იგივე ფრაზები მესმოდა:

“შეხედეთ, ეს ჩემ ქალაქს ბომბავენ…”

“იმედია, მშობლები შეძლებენ საზღვარზე გადასვლას, რომ გავიყვანო…”

“ყველაფერი მივაგდე და მივდივარ ომში…”


ბევრს ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, უხმოდ მიშვერდნენ ხოლმე თავიანთ მობილურს, რომელშიც ვიდეო იყო ჩართული.

ქუთაისში ვარშავის, კატოვიცესა და კრაკოვის მგზავრების უდიდესი ნაწილიც უკრაინელი იყო. ქუთაისიდან ბერლინში მივფრინავდით. ყველა მთელი გზა მობილურ ტელეფონებს ვიყავით ჩაბღაუჭებული და გაუთავებლად ვკითხულობდით ერთიმეორეზე ცუდ ახალ ამბებს. გზა ძალიან გრძელი იყო.

ინა მაჩვენებს როგორ იმგზავრა ბავშვებთან ერთად ღამით

მე და ჩემი თანამგზავრების ნაწილი ბერლინიდან კრაკოვისკენ მიმავალ ავტობუსში გადავსხედით. ძილ-ბურანში ჩამესმა, როგორ გეგმავდა ორი კაცი პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთას. რუსულად ლაპრაკობდნენ. ერთი ამბობდა, ჩემი ვეტერანის საბუთით იოლად გადავალ, მარტივად გადავალ საბრძოლადო. აქცენტზე მივხვდი, რომ ქართველი უნდა ყოფილიყო. გამოველაპარაკე. გოჩა ხორავა 2014-დან, დონბასის კონფლიქტის შემდეგ, უკრაინის ვეტერანია და იქ ცხოვრობს. ვეტერანის პენსია საქართველოშიც დაუნიშნეს, 2008-ის აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა ერთხელაც არ აუღია - სამარცხვინო თანხაოო. აი, უკრაინაში კი, თავს დაფასებულად გრძნობს. „მეორე სამშობლოა ჩემი, უკრაინის ომი ჩვენი ომია“, - მეუბნება. როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, გოჩა გერმანიაში იყო სამკურნალოდ. ახლა უკან ბრუნდებოდა და კიევთან ქართველი სამხედრო მოხალისეების შემოკრებას გეგმავდა. ჩვენი საუბრიდან ხუთი საათიც არ იქნება გასული, როცა ლვოვიდან მომწერს - გადავედიო.

მადინა, ფარიდას შვილიშვილი და მისი ორი თოჯინა

მე ფშემისლში ჩავედი. 24 საათზე მეტი ვიმგზავრე ქუთაისიდან, და აი, იქ აღმოვჩნდი, ომისა და მშვიდობის მყიფე საზღვარზე.

აქ სასაზღვრო პუნქტი პირდაპირ მატარებლის სადგურში გაიხსნა, სადაც დროდადრო უკრაინიდან ჩამოსული მატარებლები დგებიან - ოდესა, კიევი, ხარკოვი. მატარებლამდე მისასვლელად ფშემისლის ცენტრი უნდა გაიარო. ქალაქის ლამაზი მოედანი სულ ცარიელია, მაგრამ რომელიღაც ჩრდილიდან უცბად ორი ჟურნალისტი გამოდის და მე და კოლეგას მოგვმართავს. გვაფრთხილებენ, რომ ქალაქი უსაფრთხო არ არის - გუშინ აქ ცუდი ამბავი მოხდა, პოლონელი ნაციონალისტები შესამჩნევად არაუკრაინელ დევნილებს თავს დაესხნენ : „ქალაქში ჯგუფები დადიან, აჩერებენ, ვინც საკმარისად თეთრი არ არის… ფრთხილად იყავით“, - გვითხრეს კოლეგებმა.

მატარებლის სადგურში რაც ხდება, უცნაურ სიზმარს ჰგავს, მეცხრამეტე საუკუნის მაღალჭერიანი, მოხატული შენობის დარბაზები სავსეა ხალხით. ხალხი დერეფნებში, სკამებზე, საბნებში გახვეული წევს, ბავშვებს მშობლების კალთაში სძინავთ, ზოგს აკანკალებული ძაღლი ან კატა ჰყავს მიხუტებული. არავინ ტირის. დაღლილები არიან. ვერ იჯერებენ, რომ რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა, სამშვიდობოს გააღწიეს. უმრავლესობას თან მხოლოდ ერთი-ორი ჩანთა ან პარკი აქვს.

დევნილები ახლობლებთან შესახვედრად მიდიან. ფშემისლი, 2022 წელი.

პატარა გოგო ბარგზე ზის, ორ თოჯინას ჩაბღაუჭებია და პირდაპირ მე მიყურებს, მაგრამ ვერ მხედავს. „მძიმედ გადააქვს, ძალიან“, - მეუბნება ფარიდა, ბებიამისი. ისინი ხარკოვიდან ჩამოვიდნენ. „რომ გამოვრბოდით, სროლა დაიწყო და მეტროში, მეტროში ჩავირბინოთ-მეთქი, დავიყვირე, - მიყვება ფარიდა, - რომ ამოვედით, სულ გვამები იყო ზევით“. “Из самого пекла выехали”, - ჯოჯოხეთიდან გამოვაღწიეთო, ასე აჯამებს ამბავს. ამაღამ ვარშავაში უნდა წავიდნენ, ნაცნობთან. აქ უმეტესობა ასეა - ელოდებიან ოჯახის წევრს ან მეგობარს რომელიმე პოლონური ქალაქიდან, ან სულაც გერმანიიდან. მგზავრობა ათი საათიდან სამ დღემდე იწელება - რიგებია დიდი. „ბავშვებს ერთმანეთზე სძინავთ, ძირს, - მიყვება შვიდი წლის გოგოს დედა, - ქალები ფეხზე ვდგავართ“.

მგზავრობით არაქათგამოცლილ ხალხს შორის ნეონისფერჟილეტიანი მოხალისეები დადიან - არიგებენ საჭმელს, საბნებს, მედიკამენტებს. სადგურის ყველა მცირე ოთახში საწყობებია გახსნილი, სადაც ყველა ასაკის მოხალისეებს ნახავთ, სკოლის მოსწავლეებიდან - მოხუცებამდე. ბევრი უკრაინულად საუბრობს, მაგრამ ბაქანზე დაახლოებით ორმოცდაათი ვიეტნამელიც დგას, რომლებიც არც უკრაინულად, არც რუსულად და არც ინგლისურად არ საუბრობენ. ასეთ ჯგუფებს დასახმარებლად ქალაქში საელჩოს წარმომადგენელმა უნდა ჩამოაკითხოს, მაგრამ ამბები ნელა ვრცელდება და დახმარებაც აგვიანებს. სადგურის შუშებზე სხვადასხვაენოვანი მოხალისეები ფურცლებს აკრავენ - ეკვადორის მოქალაქეები თუ ხართ, ამ ნომერზე დარეკეთო, იაპონიის - აქეთო. იმ რამდენიმე საათში, რაც სადგურში გავატარე, ვიეტნამელებს არავინ მოაკითხა და პირდაპირ იატაკზე, ერთ ჯგუფად დაწვნენ.

გზა ქუთაისიდან ფშემილსამდე

გარეთ რომ გამოვდივართ, ქალაქში თოვს. ხალხით სავსე რამდენიმე მინივენს თუ არ ჩავთვლით, რომელმაც გზად ჩაგვიარა, სიცარიელე და სიჩუმეა. უცნაური კონტრასტია სადგურის ქაოსის მერე. სახლში მისულები გამოტოვებულ ამბებს „დავეწიეთ“ და გავიგეთ, რომ ამ კვირის განმავლობაში უკრაინიდან მილიონი ლტოლვილი გამოიქცა.

2 მარტი, 2022 წელი