კახეთში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

წაქცეული ხე დედოფლისწყაროში

დილიდან კახეთის რეგიონში უამინდობაა.

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საზღვრისპირა სოფელში (საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი) სახურავების ნაწილი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. საგარეჯოს მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახური ადგილზეა და სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ამ წუთებში ითვლის.

ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ერთ-ერთი ხე პოლიციის სამმართველოსთან წაიქცა.

ქარმა ელექტროენერგიის სადენები დააზიანა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ნუკრიანის ნაწილს.