ალექსეი რეზნიკოვი: „რუსები ჩვეულებრივი ტერორისტები არიან და ტერორისტები განადგურდებიან“

„უკრაინა იცავს სამყაროს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ. რუსმა დამპყრობლებმა ვერ დაგვანგრიეს. მათ ვერ გაგვტეხეს. ისინი ამას ვერ შეძლებენ“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი "ტვიტერზე". "ფეისბუკში" მის გვერდზე კი ახალი მიმართვა ვრცელდება, რომელშიც უკრაინის თავდაცვის უწყების მეთაური წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, ყველა მოხალისე, უკრაინის თითოეული მოქალაქე აგრძელებს საკუთარი ქვეყნის დაცვას.

მისი სიტყვებით, ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა.

ის წერს, რომ ქარხნები და ფაბრიკები განაგრძობენ მუშაობას, ასრულებენ სამხედრო შეკვეთებს, არემონტებენ აღჭურვილობას. მისი სიტყვებით, ქვეყანამ რომ იბრძოლოს, მან უნდა იმუშაოს - ყველამ თავის ადგილზე.

„თუ იძულებული გახდით ქვეყნიდან წასულიყავით, იპოვეთ სამუშაო ახალ ადგილას - თქვენი დახმარება ყველგან არის საჭირო“, - აცხადებს რეზნიკოვი.

ის წერს, რომ უკრაინა ვითარებას აკონტროლებს, თუმცა არის დანაკარგიც.

,,კი, დანაკარგიც გვაქვს, მაგრამ არცერთი ჩვენი გმირი არ იქნება დავიწყებული. ყველა უკრაინელის სიცოცხლე ფასდაუდებელია. გარკვეული მიმართულებებით ჩვენი ჯარისკაცების კონტრშეტევა მიმდინარეობს, მტერი კარგავს ათეულობით ერთეულ აღჭურვილობას, უბრალოდ ისვრის და გარბის, რითაც ის ჩვენს არსენალს აღჭურვილობით ავსებს. მტერი საკუთარი იარაღიდანვე მოკვდება“, - განაცხადა თავდაცვის უწყების მეთაურმა.

რეზნიკოვის სიტყვებით, კრემლს ჯერ კიდევ არ სურს მიიღოს და აღიაროს თავისი ფიასკო, მაგრამ ეს დრო ახლოსაა.

იგი ამბობს, რომ საოკუპაციო ძალებში უკმაყოფილება და დემორალიზაცია მძაფრდება და სულ უფრო და უფრო მეტი შემთხვევაა, როცა აღარ არსებობს ბრძოლის სურვილი.

,,ისინი ებრძვიან ქალებსა და ბავშვებს. მათ ვერ დაამარცხეს ჯარისკაცები, რომლებიც იცავენ ხარკოვს - დაიწყეს ბრძოლა ხარკოვის უნივერსიტეტთან. რუსები ჩვეულებრივი ტერორისტები არიან. და ტერორისტები განადგურდებიან. „გამარჯვება ძალიან ახლოსაა“, - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ და ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. დღეს ომის დაწყებიდან მეთერთმეტე დღეა.