ღარიბაშვილის თქმით, ლაბორატორია შეიქმნება და იმპორტულ და ადგილობრივ წამლებს შეამოწმებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში შეიქმნება წამლის ლაბორატორია, რომელიც ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებს. მას მთავრობის სხდომაზე არ უსაუბრია დეტალებზე, კერძოდ, შემოწმდება თუ არა საერთაშორისო აღიარების მედიკამენტებიც.

"მინისტრი აზარაშვილი [ჯანდაცვის მინისტრი] აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია იმისთვის, რომ ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე წარმოებული ან შემოტანილი, იყოს მაღალი ხარისხის მხოლოდ. ამ პროცესს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ", - თქვა პრემიერმა.

მან მთავრობის სხდომაზე ასევე თქვა, რომ ქვეყანაში თურქეთიდან უკვე შემოვიდა მედიკამენტების ნაწილი.

"წამლები უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში. ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მედიკამენტის ფასი მანამდე თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80 პროცენტამდეა შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია... ათეულობით სხვა დასახელების მედიკამენტი არის შეტანილი რეგისტრაციისთვის სამინისტროში", - თქვა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთიდან წამლების საქართველოში შემოტანაზე და ფასების დაწევაზე 2022 წლის 17 იანვარს ისაუბრა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ 10 იანვარს გამოაქვეყნა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც განხილულია მედიკამენტებზე ფასნამატის, ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებისა და ფარმაცევტული ბიზნესის დარეგულირების საკითხები. კონკურენციის სააგენტოს დათვლით, შესაბამისი რეგულირების და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში, მედიკამენტებზე წლიური დანაზოგი შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე.