უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ანტალიაში შეხვდებიან - ჩავუშოღლუ

ანტალია უმასპინძლებს თურქეთის, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს, 7 მარტს, განაცხადა, - წერს თურქული მედია.

მინისტრმა განმარტა, რომ შეხვედრა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გაიმართება, მასში მონაწილეობის მიღებას სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება უკვე დათანხმდნენ.

„ლავროვი და კულება ანტალიაში ჩავლენ. შეხვედრა ჩემი მონაწილეობით გაიმართება. ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ მის ორგანიზებაში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ჩავუშოღლუმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში შეიტანს წვლილს.

მისი თქმით, აბსოლუტური პრიორიტეტი საომარი მოქმედებების შეწყვეტაა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინიდან 12 000-ზე მეტი თურქეთის მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 4 მარტსაც შესთავაზა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის ჩატარება ანტალიაში.

შაბათს, 5 მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ თუ დაინახავს, რომ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები "შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი" და ის "მოლაპარაკებების პროცესის ზოგად ჩარჩოში ჯდება", მაშინ ამგვარ შეხვედრაზე უარს არ იტყვის.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.