ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოუწოდებენ საქართველოს აღიაროს მათი "სუვერენიტეტი"

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი მედოევი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. ის დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს.

დოკუმენტში მხარეები: "ადასტურებენ ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს, ორივე სახელმწიფოს ხალხების საკეთილდღეოდ“. კომუნიკეში ასევე საუბარია დე ფაქტო რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობაზე.

სამხრეთ ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს, აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ მხარეები მტკიცედ აპირებენ, საერთო ძალისხმევით მიაღწიონ „საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიების ხელმოწერას“.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში და გადაწყვეტილებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით.

მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სურვილს „გაეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიციების გამოხატვის უფლების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინაში ინალ არძინბას ადანაშაულებენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. უკრაინამ არძინბას საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 2015 წელს ის უკრაინის მტრების სიაშიც მოხვდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ნათქვამია, რომ ის გამოძიების ორგანოებს ემალება.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა". საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს.