საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის „ტვიტერის“ გვერდზე ვრცელდება.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კიდევ გაიგზავნება.
„ერთი კვირის მანძილზე მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება“.
Over the course of a week, more than 15 tons of humanitarian aid was collected in our parish and sent to the suffering people of Ukraine on behalf of the Georgian Orthodox Church. The process continues and relief supplies will be sent again in the near future.
— Patriarch Ilia II (@patriarchGEO) March 12, 2022
რამდენიმე ათეული ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში უკვე გაიგზავნა როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე კერძო კომპანიებისა და რიგითი მოქალაქეების ინიციატივით.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.