12 მარტს, რიკოთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც სამი პატრულ-ინსპექტორი დაიღუპა, გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.
გამოძიება მიდის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანა და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორი შეეჯახა ერთმანეთს.
ავტოავარიისას დაიღუპა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.