სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ ძალისხმევას კავშირების ნორმალიზებისთვის

თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას დიპლომატიური ურთიერთობის "პირობების გარეშე" აღსადგენად და კავშირების ნორმალიზებისთვის, რასაც, შესაძლოა, მოჰყვეს მათი საერთო საზღვრის გახსნა ვაჭრობისთვის - აცხადებენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

"ჩვენი შეხვედრისას კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ორივე მხარის მზაობაზე ნორმალიზაციის პროცესის გასაგრძელებლად, კავშირების დასამყარებლად და პირობების გარეშე საზღვრების გასახსნელად" - აცხადებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში, 12 მარტს.

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური კავშირები არ მოქმედებს, მათი სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, და ორი ქვეყნის ურთიერთმიმართებას ისტორიული ფაქტორები ასვამს დაღს - 1,5 მილიონი სომეხის გაჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, რასაც ბევრი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს.

გასული წლის დეკემბერში ორმა ქვეყანამ საგანგებო წარმომადგენლები დანიშნა კავშირების ნორმალიზების მიზნით, რასაც ბიძგი მისცა მხარდაჭერამ რუსეთის, და თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის მხრიდან.

ჩავუშოღლუმ მირზოიანთან შეხვედრა აღწერა "ძალიან პროდუქტიულად და კონსტრუქციულად". მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი დადებითად უყურებს თურქეთ-სომხეთის კავშირების ნორმალიზებას.

თურქეთმა და სომხეთმა 2009 წელს მიაღწიეს შეთანხმებას ოფიციალური კავშირების დასამყარებლად და საზღვრის გასახსნელად, მაგრამ ამ შეთანხმების რატიფიკაცია არ განხორციელდა აზერბაიჯანის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის გამო.

თურქეთმა სომხეთთან საზღვარი ჩაკეტა 1993 წელს, რეაქციის სახით ეთნიკური სომეხი ძალების მხრიდან კონტროლის დამყარების გამო აზერბაიჯანის სეპარატისტულ, ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონზე, მთიან ყარაბაღზე და შვიდ მიმდებარე ტერიტორიაზე.

2020 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანთან 45-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთის ძალებმა კონტროლი დაკარგეს სეპარატისტული რეგიონის და მიმდებარე მიწების დიდ ნაწილზე, აზერბაიჯანს კი საშუალება მიეცა დაებრუნებინა ტერიტორია, რომელიც მან დაკარგა ადრეული 1990-იანი წლების სეპარატისტული კონფლიქტის შედეგად.

ეს მეორე სამხედრო კონფლიქტი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული ზავით.