საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ანდრი კასიანოვი საქართველოს მადლობას უხდის იმ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მისი ქვეყნისთვის შეგროვდა. გარდა ამისა, მან საელჩოში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
"ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას უკრაინაში და მართავს მრავალრიცხოვან გამოსვლებს საქართველოს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, რითაც გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ.
უკრაინა და საქართველო მოძმე ერები არიან, რომლებმაც განიცადეს რუსეთის მხრიდან აგრესია - ეს უბედურება მათ აერთიანებთ. უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ყველა საფეხურზე მდგომს, ერთიანობისკენ და საერთო ქმედებისკენ რუსეთის ბარბაროსული აგრესიის შესაჩერებლად", - თქვა მან.
უკვე მეთვრამეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. დაიბომბა სამშობიარო სახლიც. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.