ავტორი: თამარ მსხვილიძე
(ერთი ფილმის ისტორია)
ხელოვნების დარგთა შორის ყველაზე მასობრივი კინემატოგრაფი სხვა დარგებთან შედარებით, გაცილებით ბევრ ადამიანზე ახდენს ზემოქმედებას. „ჩემი აზრით, ყველა ხელოვნებათა შორის, კინო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია" _ თქვა ლენინმა. ძნელია, არ დაეთანხმო ამ ძიას. კინო სარკეა, რომელშიც ბევრი რამის დანახვაა შესაძლებელი.
მინდა ვისაუბრო ფილმზე, რომელმაც თავისი აუდიტორია იპოვა, ეკრანზე საათსა და 52 წუთში გადმოსცა სათქმელი, რომელსაც ისტორიის რამდენიმე ასეული ფურცელი დაიტევდა. 2009 წლის ოსკარის ნომინანტმა ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტიან კარიონმა სერგეი კოსტინის წიგნის „Bonjour Farewell“ მიხედვით გადაიღო L’affaire Farewell. ფილმის დასაწყისში წანამძღვარია, რომ ის ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საბჭოთა რეჟიმის ნგრევასა და ორპოლარული მსოფლიოს დასრულებას. ინგლისელი მწერალი ჰილარი ბელოკი ამბობს: „როცა მეგობრობა სრულდება რჩება სივრცე, რომელიც ღიაა გარესამყაროს საზარელი მარტოობისათვის, რაც პლანეტათა შორის არსებულ სიცივეს ემსგავსება. ამ ატმოსფეროში ადამიანი უდავოდ იღუპება." ავტორი საერთაშორისო და ინტერპერსონალურ დონეზე გვთავაზობს "ცივი ომის" განმარტებას, რომელიც ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა დასავლურ ძალებსა და კომუნისტურ გაერთიანებას შორის.
ამაღელვებელი, ჩახლართული, ამბავი კაცის შესახებ, რომელიც საბჭოთა ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქურდად იქცა "ცივი ომის" პერიოდში. რეიგანმა ისტორიის ამ მონაკვეთს „მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაშუშური საქმე" უწოდა. ფილმი კარგად გადმოსცემს იმდროინდელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, პოლიტიკური ლიდერების გავლენებს, ფრანგულ-ამერიკულ კოლაბორაციას, სამხედრო პოლიტიკური ალიანსის როლს, საბჭოთა სისტემურ მოწყობას, გორბაჩოვის რეფორმების დაწყების აუცილებლობას. რეჟისორი პერსონაჟებს საკმარის დროს აძლევს იმისთვის, რომ საკუთარი შეხედულება ჩამოგვიყალიბდეს მათზე.
1981 წლის აპრილის გაყინულ რუსეთში, კგბ-ს პოლკოვნიკი გრიგორიევი (ვლადიმირ ვეტროვის პერსონაჟის) იმედგაცრუებული საბჭოთა რეჟიმითა და ბრეჟნევის მმართველობით, გადაწყვეტს შეცვალოს ქვეყანა და მოსკოვში მცხოვრებ ფრანგ ინჟინერს უკავშირდება, რათა მან "ცივი ომის" საინტერესო მომენტების შემცველი დოკუმენტები გადასცეს აშშ-ს მთავრობას. გრიგორიევი პატრიოტული მიზეზით ცდილობს სისტემისათვის ძირის გამოთხრას. ეს ტრადიციული გაგებით, ჯაშუშის კი არა, პიროვნული მსხვერპლის გაღების ისტორიაა. ის არ გარბის, არ ეშინია სიკვდილის, უყვარს და ჭირდება თავისი ქვეყანა. დასასრულს, ჩნდება დაუძლურებული მგელი (მთავარ გმირს ძალიან მოსწონს ალფრედ დავინის პოემა „მგლის სიკვდილი", სადაც მგელი თავისი ლეკვების გადასარჩენად თავს გასწირავს და ადევნებული მონადირეების მსხვერპლად იქცევა).
რუსეთის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ავდეევმა განაცხადა, რომ რუსულ ეკრანებზე ამ ფილმის გაშვებას ცოცხალი თავით არ დაუშვებდა. როგორც რუსეთის ყოფილი ელჩი საფრანგეთში, იმ 47 დიპლომატთა შორის მოხვდა, რომლებიც 1983 წელს ვეტროვის გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე ქვეყნიდან გააძევეს. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მთავარი როლი რუს მსახიობს არ შეესრულებინა. სიმბოლურია, რომ მთავარი როლის შემსრულებელი კუსტურიცა, რომელიც დღეს ასე ეტრფის პუტინს, ფილმის გმირის განსახიერებით ძირს უთხრის საბჭოთა იმპერიას. რეჟისორს უფლება არ მისცეს გადაღებები მოსკოვში დაეწყო. ალტერნატიულ ლოკაციად კიევი და ხარკოვი შეირჩა.
ჯაშუშთა შესახებ პოლიტიკური კინოპროდუქტის მთავარი პლუსი ისაა, რომ რეალურად აჩვენებს ადამიანურ გრძნობებს, სენტიმენტებსა და ილუზიებს. ვხვდებით წინააღმდეგობრივი ცხოვრების დეტალებს: ერთმანეთი უყვართ და ერთმანეთს ღალატობენ, ტყუილი სძულთ და ტყუილში ცხოვრობენ, პირქუში საბჭოელი გმირების მონოლითურ ქანდაკებებს სკვერებში, პიონერებს _ იმ იშვიათ მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ ქვეყნის დიდების და მამაცურად მარშირებენ პატრიოტული ჰანგების ფონზე, პროდუქტების რიგში მდგარ მოჩხუბარ მოქალაქეებს, საიდუმლო სამსახურის მიერ საყიდლებზე გასულ ადამიანთა აყვანას და ა.შ.
ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომელსაც პრეტენზია აქვს შეცვალოს მსოფლიო. ის იდეალისტია თავის ზრახვებში, უარს ამბობს ფულის აღებასა და ქვეყნის დატოვებაზე. სერგეის ეკითხებიან: რა გინდა, კრემლში შენი ქანდაკება? „მე ბინძურ საქმეს მოვკიდე ხელი, რომლის კეთება არავის უნდა. ამას შვილის უკეთესი მომავლისათვის ვაკეთებ. ქვეყანას ახალი სუნთქვა, ენერგია სჭირდება, სხვანაირად ჭაობში ჩაეფლობა. ის დაუყოვნებლივ უნდა გარდაიქმნას. სისტემა, რომელმაც თავი ამოწურა, უნდა დაემხოს" _ პასუხობს იგი. სიკვდილით დასჯის წინ წერს „მოღალატის აღიარებას" და ამბობს „ერთადერთი, რასაც ვნანობ ის არის, რომ ვერ შევძელი მეტი ზიანი მიმეყენებინა საბჭოთა კავშირისათვის."
„ყველაფერი ისე აღარ იქნება, როგორც ადრე. მსხვერპლის გარეშე ცვლილება არ ხდება, მსოფლიო შეიცვლება და შენი ადგილი იპოვე"- ასე მიმართავს გამომშვიდობებისას თავის მეამბოხე შვილს. ფილმში გამორჩეული სცენაა, სადაც გრიგორიევის ვაჟი სონის ფლეიერში ქუინის ”We Will Rock You” უსმენს და საკუთარ თავს სოლისტს ადარებს. კონკრეტული მომენტი ინსტიქტურად გიბიძგებს გააცნობიერო, რომ ეს საბჭოური სისტემის გარდაუვალი მარცხის სიგნალია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ საუბრისას გორბაჩოვმა განაცხადა: „ჩვენ ზურგს უკან მუხანათური გამცემლობა იდგა. ისინი წვავდნენ მთლიან სახლს იმისათვის, რომ სიგარეტისთვის მოეკიდებინათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება მიეღოთ. მათ არ შეეძლოთ მისი მიღება დემოკრატიული საშუალებებით. ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება." მთავარ გმირს მხოლოდ ქვეყნის სიყვარული და მისი გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა. წიგნის ავტორი კოსტინი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „წიგნზე მუშაობისას, ჩემი წარმოსახვა მთლიანად დაატყვევა იმაზე ფიქრმა, რატომ მოიქცა ასე საბჭოთა სტანდარტებით სრულიად უზრუნველყოფილი ადამიანი. მას ჰქონდა გარანტირებული სამსახური, კომფორტული ცხოვრება, აგარაკი, ჰყავდა მომხიბვლელი მეუღლე და შვილი, რომელსაც აღმერთებდა."
ფილმის გმირი ზღვარზე იყო და არ შეშინებია, გასცდა ზღვარს და სიკვდილს პირდაპირ უყურა თვალებში. მაშინაც არ დამთავრდა ყველაფერი. ერთხელ ამერიკელმა რეჟისორმა სპილბერგმა თქვა: „დარწმუნებული ვარ, კომუნიზმი ტელევიზიამ მოკლა". ამ ფრანგულმა კინომ, კი გვიჩვენა როგორ მოკლა ერთი კონკრეტული გმირი რკინის ალესილმა ფარდამ.