დარტყმული დიქტატორი თუ უგუნური პენსიონერი?

ვლადიმირ პუტინის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღალი მსჯელობა დღეს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და გააჩაღა ომი დონბასში, გაჩნდა პუბლიკაციების მთელი ტალღა, რომლითაც სპეციალისტებმა სცადეს კრემლის უგუნური, ირაციონალური საგარეო პოლიტიკა აეხსნათ ვლადიმირ პუტინის არაჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობით. გამოითქვა ვარაუდები, რომ პუტინმა „დაკარგა კავშირი რეალობასთან“, რომ რუსეთის პრეზიდენტი იყო „გაუწონასწორებული ფსიქოპათი“ და ა.შ. ახლაც, როცა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო, ბევრმა გაიხსენა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის უცენზურო სიტყვები: „ვლადიმირ პუტინი დარტყმულია!“

გარი კასპაროვი

„ბორის ნემცოვმა 7 წლის წინ დაუსვა დიაგნოზი პუტინს. და როგორ გგონიათ, 7 წლის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა? პირიქით, მხოლოდ გაუარესდა“, - განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს XIII ჩემპიონმა და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა.

ამერიკელმა ფსიქიატრმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიმს ფელონმა, რომელიც შეისწავლის დიქტატორებსა და ცნობილ დამნაშავეებს, ნიუ-იორკში 2018 წელს გამართულ კონფერენციაზე (PutinCon) გააკეთა მოხსენება სათაურით „პუტინის ტვინში“.

ვლადიმირ პუტინი

„რა თქმა უნდა, ყველა დიქტატორს არ აქვს სექსუალური პრობლემები და ყველა მათგანი არ არის სადისტი, მაგრამ უმეტესობას აქვს ეს თვისებები, განსაკუთრებით ნარცისული: გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი მნიშვნელობის შესახებ და თავდაჯერება საკუთარი რჩეულობის მიმართ. ამავე თვისებებს ვხედავთ ფსიქოპათებსა და პიროვნების ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანებში, მაგრამ აუცილებელია განვასხვაოთ ერთმანეთისგან გარკვეული თვისებები და ფსიქიკური აშლილობა. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ფსიქოპათიის ნიშნები, მაგრამ არ იყოს ფსიქოპათი“, - უთხრა ჯეიმს ფელონმა რადიო თავისუფლებას კონფერენციის შემდეგ. - „არ ვფიქრობ, რომ პუტინს აქვს პიროვნების ნარცისული აშლილობა, მაგრამ მას აქვს ბევრი ნარცისული თვისება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ანგარიშს ვერ უწევს თავის ქმედებებს, ეს ერთგვარი თამაშია. ფსიქოპათიით დაავადებული ადამიანები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი უზნეობა და გულგრილობა აბსოლუტურად ნორმალური და მისაღებია. აქ მივადექით მეორე დიდ განსხვავებას ფსიქოპათსა და სოციოპათს შორის. სოციოპათებს, როგორც წესი, აერთიანებთ ის, რომ ძალიან ადრეულ ასაკში მათ მიიღეს რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტრავმა. შესაძლოა, ბავშვობაში ასეთ ადამიანს აბუჩად იგდებდნენ, სცემდნენ, ამცირებდნენ და ამის გამო ის მთელ სამყაროზეა გამწარებული. ასეთია ბევრი ტერორისტი. ფსიქოპათი შეიძლება იდგეს ტერორისტული ჯგუფის სათავეში, მაგრამ მის ხელქვეითობას ეშურებოდნენ სოციოპათები, ახალგაზრდები, რომლებიც გრძნობენ, რომ ისინი ხელმოცარული ლუზერები არიან, რომ სამყარო მათზე ძალადობდა და, რომ მათ შური უნდა იძიონ მასზე. აი, ქცევის ეს ტიპი ძალიან ჰგავს პუტინისას. არ ვარ მზად იმის სათქმელად, რომ პუტინი სრული სოციოპათია ან რამე სხვა პიროვნული აშლილობით იტანჯება, მაგრამ აშკარაა, რომ მას აქვს მისიის განცდა, რომელიც ტრანსფორმირდება ნაციონალიზმში, და მიუხედავად იმისა, რომ გულწრფელად არ თანაუგრძნობს, მას ესმის, რა უნდა ხალხს. ცალ-ცალკე ინდივიდუალურად ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ ასეთი თვისებების ერთობლიობა პათოლოგიად იქცევა. პუტინს აქვს არა ფსიქოპათის, არამედ სოციოპათის ყველა თვისება“.

ჯეიმს ფელონი

ვლადიმირ პუტინის საქმიანობასა და ქცევას წლებია აკვირდება საიტ „პუტინიზმის“ შემქმნელი არტიომ კრუგლოვი, რომელსაც გულმოდგინედ აქვს შესწავლილი პუტინის ბიოგრაფია, მათ შორის, 2000 წელს გამოცემული პუტინის ოფიციალური ავტობიოგრაფიის [„პირველი პირიდან“] საფუძველზეც.

„ამ წიგნში არის ასეთი ეპიზოდი, - ამბობს არტიომ კრუგლოვი, - პუტინი იხსენებს, როგორ მგზავრობდა ერთხელ ახალგაზრდობაში „ზაპოროჟეცით“ თავის მწვრთნელ ლეონიდ უსვიაცოვთან ერთად. ლეონიდ უსვიაცოვი - ეს არის კრიმინალური ავტორიტეტი ლიონია-სპორტსმენი, რომელმაც 20 წელი მოიხადა ციხეებში და, რომელიც მოკლეს 1994 წელს სანქტ-პეტერბურგში კრიმინალური საქმეების გარჩევისას. თუმცა „ზაპოროჟეცის“ ამბავი მანამდე იყო, 1970-იანი წლების შუაში. პუტინი და უსვიაცოვი „ზაპოროჟეცით“ მიქროდნენ სადღაც ლადოგის ტბის გასწვრივ. პუტინმა, რომელიც ღია ფანჯარაში იყურებოდა, მოულოდნელად გადაწყვიტა, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი თივით დატვირთული მანქანიდან ბალახის ბღუღა მოეგლიჯა. ძნელია სათქმელია, საჭიროზე მეტად გადაიხარა ფანჯრიდან თუ სხვა რამ მოხდა, მაგრამ „ზაპოროჟეცი“ ორ ბორბალზე შედგა და ისე გააგრძელა გზა, როგორც როდეოში ხდება ხოლმე. მხოლოდ სასწაულის წყალობით დაეშვა „ზაპოროჟეცი“ ოთხ ბორბალზე. ავტობიოგრაფიაში პუტინი აღიარებს, რომ თვითონაც კი არ შეუძლია ახსნას, რატომ გადაწყვიტა დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის ფანჯრიდან ტანის გადაყოფა და რატომ ჩააგდო საფრთხეში ორი ადამიანის სიცოცხლე. "ალბათ ძალიან კარგი სუნი ასდიოდა თივას", - უთხრა პუტინმა წლების შემდეგ ჟურნალისტებს“.

ვლადიმირ პუტინი, სკოლაში 1969 წ.

როგორც ნიკოლაი ვაშჩილინი, პუტინის მეგობარი ძიუდოს სექციიდან, ამბობს, ამის შემდეგ ლიონია-სპორტსმენს აღარასოდეს უმგზავრია პუტინთან ერთად.

„ამით იმის თქმა მინდა, რომ მთლად სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს პუტინის საჯარო იმიჯი, რომ ის არის ცივი, ანალიტიკოსებით გარშემორტყმული, წინდახედული კგბ-ს ოფიცერი, რომელიც წონის ყოველ ნაბიჯს და ზედმეტს არც ლაპარაკობს და არც არაფერს აკეთებს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს იმპულსური. მას შეუძლია, ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ ჩაიდინოს ისეთი რამ, რისი ახსნაც თავად არ ძალუძს. გარდა ამისა, არაფერი ისე არ ამხნევებს ფსიქოპათს, როგორც აბსოლუტური ძალაუფლება და დაუსჯელობა“, - ამბობს არტიომ კრუგლოვი, რომელიც დარწმუნებულია, რომ პუტინი არ იყო რაციონალური, როცა უკრანაიში შეჭრისა და ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

„ესეც როდეოა „ზაპოროჟეცზე“, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „ზაპოროჟეცი“ ამ შემთხვევაში მთელი რუსეთია, - ამბობს კრუგლოვი, - თუმცა, მეორე მხრივ, იყო კი კადაფი ფსიქიკურად ჯანმრთელი? სხვათა შორის, კადაფიც ყველა ომსა და კონფლიქტში მიძვრებოდა, რაც კი ლიბიის პერიმეტრის გარშემო ხდებოდა. იყო თუ არა ფსიქიკურად ჯანმრთელი უგანდის კანიბალი დიქტატორი იდი ამინი, რომელმაც თავისი მეფობის ბოლოს დაიწყო ომი მეზობელ ტანზანიასთან და ასე დაკარგა ძალაუფლება? ნაპოლეონიც შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც იმდროინდელი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო. ბოლოს და ბოლოს, საარტილერიო სკოლაში ლაპლასს ჩააბარა მათემატიკის გამოცდა.

1808 წელს ნაპოლეონმა ჯარები გაგზავნა ესპანეთში, რომელსაც იგი საერთოდ არ მიიჩნევდა სამხედრო მოწინააღმდეგედ, რადგან ესპანეთის არმია ფრანგებზე რამდენჯერმე სუსტი იყო. ნაპოლეონი ასევე სერიოზულად არ აღიქვამდა ესპანურ ელიტას, რისი საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა კიდეც, მაგრამ არ იცნობდა ესპანელ ხალხს.

და უეცრად სწორედ ეს ხალხი დადგა ფეხზე, რადგან მიხვდა, რომ ფრანგი მეზობლები მოვიდნენ მათზე ფეხის შესაწმენდად, პუტინის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ესპანეთის სახელმწიფოებრიობის ეჭვქვეშ დასაყენებლად“. ასე დაიწყო ომი ესპანეთში, სადაც ნაპოლეონმა დაკარგა 300 ათასი ჯარისკაცი, რომლებიც შემდეგ ძალიან დააკლდა მოსკოვში 1812 წლის შემოდგომაზე. მოწინააღმდეგისა და ხალხის ნების სათანადოდ არდაფასება დამპყრობელ-იმპერიალისტების ხშირი შეცდომაა. ისინიც კი უშვებენ ასეთ შეცდომას, ვისაც სკოლაში ლიონია-სპორტსმენი კი არა, ლაპლასი ასწავლიდა“.

- ეჭვგარეშეა, რომ პანდემიამ სერიოზულად იმოქმედა კრემლის განწყობაზე. პუტინს ეშინია კორონავირუსით დაინფიცირების, რის გამოც უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული უგრძესი მაგიდებისა და აუდიენციამდე ხანგრძლივი კარანტინების სახით. აქამდე შეგიმჩნევიათ, რომ ასე ძალიან ზრუნავდა თავის ჯანმრთელობაზე, თუ ეს ბოლოდროინდელი ფენომენია?

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი. 2022 წ. 7 თებერვალი

„ეს ყველაფერი დაიწყო მოწამვლის შიშით, - ამბობს არტიომ კრუგლოვი, - თვითონ მოწამლა იმდენი, რომ წვეულებებზე სასმლის მიღების ეშინოდა. როცა ნახატებს ჩუქნიდნენ, ФСО (დაცვის სპეცსამსახური) ტილოებიდან და ჩარჩოებიდან სინჯებს იღებდა (იქნება და პოლონიუმით გაჟღინთეს?). კოვიდის გამო პირუტყვულმა შიშმა აიტანა. სრულად იზოლირდა სამყაროსგან, თუმცა მთავარი ესეც არ არის. უცნაურია, მაგრამ პუტინი ტიპური რუსი პენსიონერი-ბაბუაა, რომელმაც არ იცის ინტერნეტით სარგებლობა და ცხოვრობს ტელევიზორით. პუტინი ნომერ N1 ტელემაყურებელია, რომელიც თავად მიირთმევს იმ ნაგავს, მისი პროპაგანდის მანქანა რომ აწარმოებს. გახსოვთ, ოლივერ სტოუნის ფილმში როგორ ლაპარაკობდა მთელი სერიოზულობით ესპანელ დისპეტჩერზე, რომელმაც დაინახა, როგორ ჩამოაგდო უკრაინულმა თვითმფრინავმა მალაიზიური „ბოინგი“. პუტინის პროპაგანდის მიერ გამოგონილი „დისპეტჩერი კარლოსი“ თავად პუტინის ტვინში მატერიალიზდა“.

ვლ. პუტინი ხვდება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრსა და გენ. შტაბის უფროსს

- აშკარაა პუტინის მიერ უკრაინის აკვიატება. ბევრი „ხალხური“ ვერსია მოგვისმენია: მაგალითად, რომ მან გადაწყვიტა შურისძიება მედვედჩუკის დევნაზე; მტკივნეულად რეაგირებს იმაზე, რომ უკრაინელები მას „ხუ*ლო“-ს ეძახიან. რა თქმა უნდა, ნამდვილი მიზეზები ბევრად უფრო სერიოზულია. როგორ ფიქრობთ, რომელია მთავარი?

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი იანუკოვიჩის ამოჩემებით დაიწყო. 2004 წლიდან პუტინი ჯიუტად და ფანატიკურად ცდილობდა იანუკოვიჩის უკრაინის ხელისუფლებაში მოყვანას. რა მოეწონა, არ ვიცი. დონეცკელი დამნაშავე, 90-იან წლებში - აშკარა მაფიოზი, ამასთან, პუტინთან ურთიერთობაში - ხელის ბიჭი. საათობით ელოდა ხოლმე ყირიმში, როცა პუტინი იგვიანებდა იმის გამო, რომ სადღაც მხიარულობდა "ღამის მგლებთან" ერთად“, - ამბობს არტიომ კრუგლოვი, რომლის თქმითაც, იანუკოვიჩი უკრაინელმა ხალხმა მოიშორა, რაც პუტინმა პირად შეურაცხყოფად მიიღო:

ვიქტორ იანუკოვიჩი და ვლადიმირ პუტინი. 2013 წ.

„გარდა ამისა, უფრო ადრე, 2011 წელს, კიდევ ერთი მოვლენა მოხდა. მოკლეს და დაამხეს კადაფი. ამბობენ, რომ პუტინმა ეს გულთან ახლოს მიიტანა. ნავთობის დიქტატორი, ამდენი წელი ხელისუფლებაში, ამდენი მილიარდით - დაიჭირეს და სასიკვდილოდ ჩაქოლეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ქუჩის, სახალხო პროტესტის შიში. გაცოცხლდა კაგებეში ჩანერგილი პარანოიდული იდეები: დასავლეთის შეთქმულება, ირგვლივ CIA, „მაიდანის ტექნოლოგიები“. უკრაინიდან მისი პროტეჟეს გაძევების ფაქტით განრისხებულმა პუტინმა დაიწყო შურისძიება ქვეყანასა და მის ხალხზე. წლების განმავლობაში ეს გარემოება ძალიან გამწვავდა იდეოლოგიურად. როგორც ჩანს, მედინსკის - ფსევდოისტორიკოსის და ნახევარ განაკვეთზე მყოფი რუსი შოვინისტის - ძალისხმევით. თუ 2014 წელს მხოლოდ „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ და ნატოს ინტრიგები იყო, 2022 წლისთვის პუტინი უკვე ალაპარაკობდა მე-20 საუკუნის დასაწყისის შავრაზმელების, დენიკინელებისა და თეთრგვარდიელი ემიგრანტი ნაცისტების ენით. პუტინმა დაიწყო ზოგადად უკრაინის არსებობის უფლების უარყოფა“.

- ვინც დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ასეთ ავანტიურაზე არ წავიდოდა, ამბობდა, რომ ჩინოვნიკებს დასავლეთში უძრავი ქონება აქვთ, მათი შვილები დასავლეთის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლობენ, მათ ცოლებსა და საყვარლებს უყვართ შოპინგი მილანსა და პარიზში და ა.შ. რატომ შეწყვიტა მუშაობა ამ წონიანმა არგუმენტმა?

- ყველაფერი ასეც არის, მაგრამ მედინსკიც ასევე მაღალი თანამდებობის პირია. კულტურის მინისტრი, პუტინის მრჩეველი უკრაინის საკითხებში. პატრუშევი, თავისი ცხოველური სიძულვილით დასავლეთის მიმართ, კიდევ უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკია. ამგვარი იდეური ფაშისტი ბევრი არ არის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ აქვთ ძალაუფლება.

ვლადიმირ მედინსკი

აშკარაა, რომ ბლიცკრიგი ჩაიშალა და პუტინიც არ ელოდა ასეთ საერთაშორისო რეაქციას, თუმცა, როგორც „პუტინიზმის“ სპეციალისტი ამბობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი კაპიტულაციას გამოაცხადებს ან უკან დაიხევს:

„ვფიქრობ, მეტი ესკალაცია იქნება: ქალაქების ალყა, ახალი სარაევო, დუბროვნიკი... ჯარების მიწოლა, რათა გაარღვიონ ფრონტი, ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთში, ალყაში მოაქციონ კიევი, შექმნან ქვაბულები. შეეცდებიან საპროტესტო აქციების ჩახშობას ქვეყნის შიგნით. Rodeo must go on („როდეო უნდა გაგრძელდეს“)“.

რაც შეეხება პუტინის გარემოცვას:

„მკვეთრად გაიზარდა შოიგუს და ГРУ-ს („დაზვერვის მთავარი სამმართველოს“) გავლენა. ამასთან, მათთვის ომს ანგარებითი ინტერესი აქვს. ГРУ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მსგავს ორგანიზაციად იქცა: ისინი ომობენ, ისინი კლავენ და ასევე ისინი ეწევიან ბიზნესს რუსეთის ფედერაციასა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე - დონეცკში, სირიაში, ვენესუელაში და ა.შ. უკრაინის დაპყრობა ძარცვის უზარმაზარი ასპარეზია. და თუ შეიქმნება დიდი ДНР დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, როგორც მათ სურთ, ერთგვარი "უკრაინის ფედერაციული რესპუბლიკა", ფორმაში ჩაცმული ბანდიტების ვიწრო წრე შეძლებს დიდი ფულის აწევას“.

პუტინი და შოიგუ

- რუსეთში თითქმის აღარ დარჩა დამოუკიდებელი სოციოლოგია, მაგრამ ის გამოკითხვები, რომლებსაც ნაწილობრივ მაინც შეიძლება ვენდოთ, უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ (როგორც მას უწოდებენ) მნიშვნელოვან მხარდაჭერას აჩვენებს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების მოწონება მართლაც ასეთი დიდია? შეიძლება თუ არა, რომ სანქციებმა შეცვალოს მასების განწყობა?

- არსებობს ინგლისელი ისტორიკოსის რიჩარდ ევანსის წიგნი: "მესამე რაიხი. ტრიუმფის დღეები. 1933-39", რომელიც უზარმაზარ მასალებზე - წერილებზე, პირად დღიურებზე, ცალკეულ პირთა მოგონებებზე - დაყრდნობით გვიჩვენებს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანიის საზოგადოების ევოლუციას სიძულვილისა და მილიტარიზმის პროპაგანდის გავლენით. როგორ გაქრა თანდათან კრიტიკული აზროვნება, პროპაგანდის წინააღმდეგობა, უბრალოდ ლოგიკა და საღი აზრი.

რიჩარდ ევანსის წიგნი: "მესამე რაიხი. ტრიუმფის დღეები. 1933-39"

როგორ ჩაინერგა თანდათანობით იდეა, რომ მეზობელი ქვეყნების და ტერიტორიების მიტაცება ნორმალურია, რომ ეს არის გერმანული ენისა და კულტურის დაცვა. დამოუკიდებელი უკრაინის, დასავლეთისა და ლიბერალური ღირებულებების სიძულვილი, რომელიც მრავალწლიანმა პუტინურმა პროპაგანდამ გააღვივა, ძალიან დიდია. შეუძლებელია ამ ფაქტორის გამორიცხვა. გარდა ამისა, მასობრივ ცნობიერებაში არსებობს საკმაოდ მტკივნეული არასრულფასოვნების კომპლექსი. დღევანდელი რუსეთი ხომ არ არის სუპერსახელმწიფო. ეკონომიკურად მესამე სამყაროს ქვეყანაა. თავად რუსები, როგორც ერი, გადაშენების პირასაა, რის გამოც მათ ანაცვლებენ ემიგრანტები. ესეც ფაქტია, რომლის დამალვაც შეუძლებელია. პუტინის დიადი თვითმპყრობელობის პროპაგანდა - ეს ერთგვარი ანესთეზიაა, თავის მოტყუება, რომლის დაჯერებაც ბევრს სურს. ყოველივე ეს მყისიერად არ გაქრება, თუმცა უკრაიანული ავანტიურა უდავოდ ძირს უთხრის ამ რეჟიმს, მაგრამ დაიშლება თუ არა და რამდენად მალე, რთულია პროგნოზირება, თუ გავითვალისწინებთ სამოქალაქო საზოგადოების სავალალო მდგომარეობას რუსეთში.

არტიომ კრუგლოვის თქმით, უკრაინის ომმა ბოლომდე ჩამოხსნა ნიღაბი პუტინს. ახლა შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ის არის კაგებესა და ორგანიზებული დანაშაულის წიაღიდან გამოსული ურჩხული.

ვლადიმირ პუტინის უფრო სრულყოფილი პორტრეტი დახატა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა, რომლის თქმითაც, ლენიგრადის კაგებეს სკოლამ, რომელიც გამორჩეულად სასტიკი და დაუნდობელი იყო, პუტინს დაუტოვა მხოლოდ მტრად მიჩნეული ადამიანების განადგურების, მოსპობის ინსტინქტი.

ალექსანდრ ნევზოროვი

„ასეთია მისი პიროვნების ჩეკისტური ნაწილი, ჩეკისტის ტვინი კი იოლი ნადავლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯურის მამაოებისთვის... მამაოებში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც წვერებიან მღვდლებს. ესენი შეიძლება იყვნენ ნებისმიერი პრიმიტიული კონსპიროლოგიური თეორიების, ნებისმიერი ბოდვითი იდეების მატარებელი ადამიანები, რომლებიც ბოდავენ რუსეთის განსაკუთრებულ როლზე, მის განსაკუთრებულ მისიაზე, რუსეთის მისტიკურ და ესქატოლოგიურ მნიშვნელობაზე... ეს ნაზავი ველური მისტიკისა, ოკულტიზმისა, ესქატოლოგიისა, ჩეკიზმისა, ისტორიაზე მეხუთეხარისხოვანი ბროშურებით შექმნილი პრიმიტიული წარმოდგენებისა და, პლუს, პათოლოგიური ყოვლისშემძლეობისა, რომელიც 22 წლის განმავლობაში იკრებდა ძალას - არის პუტინიზმის ის ნაწილი, რომელიც თვითონ პუტინშია თავმოყრილი, მაგრამ ასევე არსებობს პუტინიზმი, რომელიც ხალხში ფესვგადგმული: ეს არის ხალხის უფლება სისასტიკეზე, ცივილიზაციისგან განდგომაზე. რუსეთი შედიოდა ცივილიზაციაში, შედიოდა მსოფლიო თანამეგობრობაში, მაგრამ მერე გაარკვია, რომ მას იქ არაფერი ესაქმება. რუსეთი ყოველთვის მზად იყო გადაეხადა ძალიან დიდი ფასი, რათა დაერთოთ ნება, დაბრუნებულიყო თავის გამოქვაბულებში“, - ამბობს ალექსანდრ ნევზოროვი.