უკრაინის ჯარი და მარიუპოლის მოქალაქეები, როგორც მთავრობა უწოდებს, "გმირულ წინააღმდეგობას“ უწევენ რუსეთის სასტიკ თავდასხმებს. ევროპის კავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჟოზეპ ბორელმა რუსეთს "ომის მასობრივი დანაშაულის" ჩადენაში დასდო ბრალი.
მარიუპოლზე თავდასხმებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და სტრატეგიული საპორტო ქალაქი ნანგრევებად აქცია. 21 მარტს, როცა მარიუპოლის უკრაინელი დამცველები სასიკვდილო თავდასხმის მოსაგერიებლად იბრძოდნენ, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს და გააფართოვეს შეტევები სხვაგან, მათ შორის დედაქალაქზე, კიევზე, სადაც საჰაერო თავდასხმამ სავაჭრო ცენტრსა და ახლომდებარე საცხოვრებელ შენობაში, სულ მცირე, რვა ადამიანი იმსხვერპლა.
უკრაინის ხელისუფლებამ უარყო რუსეთის ულტიმატუმი მარიუპოლის დანებების შესახებ და განაცხადა, რომ უკრაინა ვერასდროს დათმობს სტრატეგიულ ნავსადგურებსა და სხვა ქალაქებს, მათ შორის, ხარკოვსა და კიევს.
21 მარტს ადგილობრივი მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვი თავისი ქვეყნის "განადგურების" მცდელობაში დაადანაშაულა.
"უკრაინა ვერ შეასრულებს რუსეთის ულტიმატუმებს. ჯერ ჩვენ უნდა გაგვანადგუროთ და მერე იქნება მათი ულტიმატუმი შესრულებული", - თქვა ზელენსკიმ, რომლის თანახმად, რუსებს უნდოდათ, რომ უკრაინას მათთვის "გადაეცა" ქალაქები: კიევი, ხარკოვი და მარიუპოლი, მაგრამ ვერც უკრაინელი ხალხი და "ვერც მე, როგორც პრეზიდენტი, ამას ვერ გავაკეთებთ".
უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა, კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარების თაობაზე არაერთგვაროვანი ცნობები ვრცელდება.
ასევე ნახეთ
რატომ იბრძვის რუსეთი მარიუპოლისთვის ასეთი გაავებით?