კახეთში ქარმა ხეები მოგლიჯა - დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები

დილიდან კახეთში ძლიერი ქარია. გურჯაანში სანაპიროს ქუჩაზე მოგლეჯილი ხე ორ ავტომობილს დაეცა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევისას ავტომობილებში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.

ამ წუთებში ადგილზეა სამაშველო სამსახური და პოლიცია.

რამდენიმე ადგილზე მრავალწლიანი ხეა მოგლეჯილი თელავის მუნიციპალიტეტშიც. ქარმა ზოგან ავტოფარეხებს სახურავები გადახადა.

დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების განცხადებით, ამ წუთებში ინფორმაციას აგროვებენ და მოგვიანებით ეცოდინებათ, კონკრეტულად რა სახის ზიანი მიაყენა ქარმა რეგიონს.