რას უპირებს უკრაინა რუსეთის ეკლესიას?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე I და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა კანონპროექტი „უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს აკრძალვის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ), ასევე სხვა რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.

რა მოჰყვება კანონპროექტის დამტკიცებას?

კანონის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (РПЦ) ადმინისტრაციული ორგანოების და მის შემადგენლობაში შემავალი რელიგიური ორგანიზაციების მთელი ქონება, მათ შორის, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის ეპარქიისა, სინოდალური ინსტიტუტებისა და ეპარქიების სამმართველოებისაც, დაექვემდებარება ინვენტარიზაციასა და ნაციონალიზაციას უკრაინის მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

ამ კანონით უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საკუთრებაში გადავა კიევ-პეჩორის, პოჩაევისა და სვიატოგორის ცნობილი მონასტრები.

უკრაინის რადაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი საშუალებას აძლევს მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიურ გაერთიანებებს, მონასტრებსა და რელიგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეცვალონ თავიანთი დაქვემდებარება კანონის ძალაში შესვლიდან 14 დღის განმავლობაში სინდისის თავისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ უკრაინაში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

ფეოდოსიასა და ქერჩის მიტროპოლიტი პლატონი რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემის ფონზე, 2017 წლის იანვარი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურისათვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, УПЦ-ს (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენელმა მოუწოდა უკრაინელებს, არ დაუშვან ძალის გამოყენება ეკლესიების სხვა კონფესიებისათვის გადაცემის მიზნით.

„მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) ერთგული ადამიანებიც ასევე უკრაინელები არიან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ომის შემდეგ კი, თითოეულმა კონფესიამ დამოუკიდებლად გადავწყვიტოთ, როგორ ვიცხოვროთ“, - განაცხადეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში.

თუმცა, უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ, კანონის მიღების გარეშეც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ - მოსკოვის საპატრიარქო) 53 ეპარქიიდან, სულ მცირე 15-მა, შეწყვიტა მოსკოვის პატრიარქ კირილეს ხსენება ღვთისმსახურებაში.

კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარი

უკრაინის ჩერკასის ოლქში მდებარე ეკლესიის მოძღვარმა მამა რომანმა განაცხადა, რომ არც მას და არც მისი მრევლის წევრებს არ შეეძლოთ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარულ ეკლესიაში დარჩენა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა უკრაინაში ჩაიდანა და რაც პატრიარქმა კირილემ უკრაინაში გაგზავნილი ჯარისკაცები დალოცა. სასულიერო პირმა ასევე გაიხსენა ჩერკასის მოსკოვის ეპარქიის რეაქცია მის გადაწყვეტილებაზე:

„და რას გააკეთებ, როცა რუსი სამხედროები მოვლენ?“ - მკითხეს. მე არაფრის მეშინია! არ მეშინია ქრისტესთვის წამებისა, მაგრამ არა კირილესთვის. ახლა საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას, ის მორწმუნეა თუ თავისი ბრწყინვალება, თავისი მდგომარეობა სასწორზე დადო და ამან გადაწონა ღვთის მცნებები? ასეთი პატრიარქი მე არ მჭირდება!“, - თქვა მამა რომანმა.

ПЦУ - უკრაინისთვის, УПЦ - პუტინისთვის

УПЦ - უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომლისთვისაც, როგორც რუსეთის პატრიარქი კირილე ამბობს, რუსეთი და უკრაინა ერთი ქვეყანაა:

„ჩვენ სულ გვახსოვს, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ქვეყანა და ერთი ხალხი ვართ. შეუძლებელია, კიევი გამოაცალკეო ჩვენი ქვეყნიდან, რადგან ეს არის ადგილი, სადაც რუსეთის ისტორია დაიწყო. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ეროვნულ ცნობიერებას“.

УПЦ-ს, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, წლებია ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი ონოფრე, რომელიც პირადად ვლადიმირ პუტინს ჰყავს დაჯილდოებული 2013 წელს.

ვლადიმირ პუტინი და მიტროპოლიტი ონოფრე. 2013 წ.

რაც შეეხება ПЦУ-ს - გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვის საპატრიარქოს გამოეყო კიევის საპატრიარქო, 2018 წლის 15 დეკემბრიდან კი დაიწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) ავტოკეფალიის აღიარების პროცესი, რასაც დღემდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო.

უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, რის გამოც, მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა როგორც მოსკოვის საპატრიარქომ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფმა УПЦ-მაც. მოსკოვის განსაკუთრებული რისხვა დაიმსახურა მიტროპოლიტმა ეპიფანემ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) თავკაცმა.

კიევის მიტროპოლიტი ეპიფანე

2019 წლის 12 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია წყვეტს ურთიერთობას საბერძნეთის იმ იერარქებთან, რომლებმაც უკრაინის ეკლესია აღიარეს.

საქართველოს საპატრიარქოს, მიუხედავად იმისა, რომ ორ წელზე მეტია ეცნობა უკრაინის ეკლესიისათვის გადაცემულ ტომოსს, ПЦУ-ს ავტოკეფალიის ცნობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღემდე არ მიუღია და, როგორც თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში არც მიიღებს.

„წლების განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ჩამოყალიბდა რუსული რბილი ძალის, რუსული გავლენების მთავარ აქტორად საქართველოში. ის არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ანტიდასავლური განწყობების მთავარი გენერატორი, მის წიაღში ჩამოყალიბდა იდეოლოგიური კონსტრუქცია, რასაც შეიძლება პოლიტიკური მართლმადიდებლობა დავარქვათ და რაც თითქოს ჰგავს ნაციონალიზმს, მაგრამ ეს იდეოლოგია რეალურად არის ჩოხაში გამოწყობილი იმპერიალიზმი. ეკლესია ზრუნავს იმაზეც, როგორ უნდა შეიცვალოს საქართველო როგორც პოლიტიკური მოწყობის, ასე საგარეო ორიენტაციის მხრივ, როგორ გადავიდეთ დასავლური კურსიდან რუსეთის ორბიტაზე“.

რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად, პროუკრაინული განცხადება გაავრცელა მიტროპოლიტმა ონოფრე:

„ვიცავთ რა უკრაინის სუვერენიტეტსა და ერთიანობას, მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს და ვთხოვთ სასწრაფოდ შეწყვიტოს ძმათამკვლელი ომი. უკრაინელი და რუსი ხალხები გამოვიდნენ დნეპრის ემბაზიდან და ამ ხალხებს შორის ომი არის კაენის ცოდვის გამეორება, ასეთ ომს არ აქვს გამართლება არც ღმერთის და არც ხალხის თვალში“.

მიტროპოლიტი ონოფრე და პატრიარქი კირილე (ნახატზე)

ომის მსვლელობისას „საერთო ემბაზი“ ახსენა რუსეთის პატრიარქმა კირილემაც, რომელმაც ასევე გაიმეორა ვლადიმირ პუტინის „ახირება“ ერთი ერის შესახებ. „უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ხალხის ერთობა. რუსი და უკრაინელი ხალხებისა, როგორც ერთი ხალხისა, რომელიც კიევის ემბაზში მოინათლა“, - განაცხადა კირილემ.

რუსეთის ეკლესია - რუსეთის სპეცსამსახური?

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ახლავს, ნათქვამია, რომ კანონი ეხება ორგანიზაციებს, რომელთა „მმართველი ცენტრი“ მდებარეობს იმ ქვეყანაში, რომელიც ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას, ან რომელსაც ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი.

პუტინი და კირილე

კანონპროექტის ავტორები შეახსენებენ უკრაინის პარლამენტის წევრებს როგორც რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ასევე რუსეთის საპატრიარქოს, რუსეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალების დანაშაულებრივ ერთიანობას უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

2022 წლის 13 მარტს რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვში მართლმადიდებლობის ზეიმთან დაკავშირებით გამართული ლიტურგიის შემდეგ, ღვთისმშობლის ხატი გადასცა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმულ როსგვარდიის მეთაურს, არმიის გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს, რომელსაც შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მინდა ეს ხატი გადმოგცეთ ჩვენი სამხედრო ტაძრისათვის, რათა ახალგაზრდა მეომრებს, რომლებიც ფიცს დებენ სამშობლოს წინაშე, რწმენა და სულისკვეთება აუმაღლდეთ“.

კირილე და ვიკტორ ზოლოტოვი

თავის მხრივ, რუსეთის პატრიარქის ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ გენერალმა ზოლოტოვმა განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის ჯარები, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, პირნათლად ასრულებენ ყველა დაკისრებულ დავალებას უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას.

კანონპროექტის ავტორები ასევე ეყრდნობიან უკრაინის სპეცსამსახურების ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესია თავისი არსით წარმოადგენს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ფართოდ განტოტვილ სადაზვერვო-დივერსიულ ქსელს, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა და ახლაც აგრძელებს მუშაობას რუსეთის სპეცსამსახურებზე.

„2022 წლის 25 თებერვალს, კიევის ოლქში, გოსტომელის მახლობლად, დააკავეს უკრაინის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი მიხაილ პავლუშენკო, რომელიც ქმედით დახმარებას უწევდა რუსეთის ჯარს. 2022 წლის 16 მარტს კიევში დააკავეს უკრაინის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი მამა ონუფრი, რომლის სახლის ჩხრეკისას გაირკვა, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“, - ნათქვამია უკრაინის რადაში შესული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღება აუცილებელია როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვისათვის.

ერთი ქვეყანა, ერთი ეკლესია

თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, საეკლესიო სამართლითაც, 2019 წელს, როგორც კი გამოცხადდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, უკრაინის პარლამენტს მაშინვე უნდა მიეღო ასეთი კანონი.

„ონოფრეს ეგზარქატი უნდა გამოცხადებულიყო კანონგარეშედ. ეს იქნებოდა ლოგიკური, რადგან საეკლესიო სამართლის მიხედვით, არ შეიძლება ერთ ქალაქში იჯდეს ერთზე მეტი ეპისკოპოსი. დღემდე კიევში ზის ორი ეპისკოპოსი: ერთი ეპიფანე, რომელიც უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის თავია, და მეორე - ონოფრე, რომელიც რუსეთის ეკლესიის, რუსეთის ეგზარქატის მიტროპოლიტია. ამით დაირღვა პირველი მსოფლიო კრების მე-8 კანონი, რომელიც ამბობს: არ შეიძლება ერთ ქალაქში ერთზე მეტი ეპისკოპოსი. ეპისკოპოსსა და ადგილობრივ ეკლესიას შორის არსებობს ორგანული კავშირი. როცა გარდაიცვლება ეპისკოპოსი, არ ვამბობთ, რომ ტახტი დაცარიელდა. ვამბობთ, ტახტი დაქვრივდა. ამიტომ არ შეიძლება ერთ ქალაქს ჰყავდეს ერთზე მეტი ეპისკოპოსი ისევე, როგორც, უხეშად რომ ვთქვათ, არ შეიძლება ერთ ქალს ერთზე მეტი ქმარი ჰყავდეს“, - უთხრა გოჩა ბარნოვმა რადიო თავისუფლებას.

გოჩა ბარნოვი

2019 წლიდან მოყოლებული „რუსეთის ეგზარქატი“ ბევრმა სასულიერო პირმა დატოვა, თუმცა, როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს, უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში გადასვლის ტემპი, ბევრი მიზეზის გამო, არ იყო მაღალი, ახლა კი სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს: ისინი ან უნდა შეუერთდნენ უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიას, ან უნდა წავიდნენ რუსეთში.

„მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული УПЦ მეხუთე კოლონაა უკრაინაში, როგორც ჩვენი ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილია მეხუთე კოლონა. რუსეთის აგენტურული ქსელია, რომელიც მოსკოვის საქმეს აკეთებს უკრაინაში. ომმა ეს ყველაფერი, რაც ქვედა შრეებში იმალებოდა, ზედაპირზე ამოიტანა. როგორც ხალხის სურვილია, უკრაინა იყოს დამოუკიდებელი რუსეთისგან ყველა თავისი რეგიონით, ზუსტად ასევე, ხალხს უნდა თავისი ეკლესია. სხვა ეკლესიას იქ არსებობის უფლება აღარ აქვს“, - ამბობს გოჩა ბარნოვი.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული УПЦ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბევრმა ეპისკოპოსმა დატოვა, ნაწილი გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში, ნაწილს კი ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა, როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს, მათ სხვა გამოსავალი და დიდი არჩევანი არ აქვთ.

წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია

„კანონიც რომ არ მიიღოს უკრაინის უმაღლესმა რადამ, ხალხი არ გააჩერებს ეკლესიებში. ყველამ ვნახეთ, როგორ გამოათრიეს ეკლესიიდან მღვდელი, რომელმაც პანაშვიდი არ გადაუხადა ომში დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს. ბევრი მღვდელი აღარ მოიხსენებს რუსეთის პატრიარქ კირილეს ლოცვებში. ამ მღვდელმსახურებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის სასარგებლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იურიდიულადაც და ფაქტობრივადაც, ეკლესიის მიღმა დარჩებიან“, - უთხრა გოჩა ბარნოვმა რადიო თავისუფლებას.