ტვიტერზე განთავსებული "უხამსი" ინფორმაციის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიბარა რუსეთის ელჩი

ჟან-ივ ლე დრიანი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა დაიბარა რუსეთის ელჩი პარიზში, ტვიტერზე გამოქვეყნებული "უხამსი" პოსტის გამო, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას ინსცენირებულად გამოსახავდა.

"ბუჩაში მომხდარი სისასტიკის შესახებ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს მიერ განხორციელებული უხამსი და პროვოკაციული კომუნიკაციის გამო, გადავწყვიტე დამებარებინა რუსეთის ელჩი", - წერს ლე დრიანი 7 აპრილს ტვიტერზე.

მიმდინარე კვირაში რუსი დიპლომატები გააძევეს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან, იმ გლობალური აღშფოთების ფონზე, რომელიც მოჰყვა კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალების მიერ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის ამსახველი მასალების გამოქვეყნებას. მას მერე, რაც ბუჩიდან გასულ კვირაში რუსეთის ძალები გავიდნენ, ჟურნალისტებმა ქუჩებში იხილეს ათობით ადამიანის გვამები. მათგან ბევრი ახლო მანძილიდან იყო მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით და ხელები უკან ჰქონდა შეკრული.

მოსკოვი აცხადებს, რომ ეს ბრალდებები ყალბია. პარიზში რუსეთის საელჩომ 6 აპრილს გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, მისი თქმით, ასახავს ბუჩის ქუჩებში გვამების განთავსებას და ფოტოს დააწერა: "გადასაღები მოედანი, ქალაქი ბუჩა".