არესტოვიჩი: რუსეთი სწრაფად კარგავს ავიაციას და მას კარგავს ყოველდღე

ალექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა ოპერატიული მიმართულება ორამდე შეამცირეს - მარიუპოლისა და დონბასის ჩრდილოეთის მიმართულებით.

როგორც მან 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის არმიის მცდელობა, გაჭრილიყო იზიუმის სამხრეთით, წარუმატებლად დასრულდა: „შაბათს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა წინ წასვლა ვერ მოახერხეს“.

არესტოვიჩის თქმით, უშედეგოდ დასრულდა ასევე რუსული არმიის მცდელობა განეხორციელებინა შეტევები ალექსანდროვკასა და ხერსონის ოლქების მიმართულებით:

„რუსეთი სწრაფად კარგავს ავიაციას. და მას კარგავს ყოველდღე. რუსულმა სამხედრო ხომალდებმა შავი ზღვის აკვატორიაში, დაიწყეს საბორტო ნომრების გადაღებვა. ასე ცდილობენ ისინი დამალონ დანაკარგები“, - განაცხადა 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ალექსი არესტოვიჩმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ განუახლებია ინფორმაცია უკრაინაში დაღუპული სამხედროების შესახებ 25 მარტიდან. მაშინ უწყებამ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ დაკარგა 1 351 ჯარისკაცი.

რუსული არმიის დანაკარგებზე საუბრისას, გაცილებით მაღალ რიცხვს ასახელებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო. უკრაინა აცხადებს, რომ 10 აპრილის მდგომარეობით, დაღუპულია 19 300 რუსი ჯარისკაცი.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.