მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა

ვლადიმირ კარა-მურზა, რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.

მოსკოვში, თავის სახლთან დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა - ამის შესახებ სოციალური მედიით იუწყება მისი მოკავშირე, ოპოზიციონერი ილია იაშინი.

კარა-მურზას ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის თქმით, დაკავებული წაიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხამოვნიკის რაიონულ განყოფილებაში, თუმცა ადვოკატს მასთან არ უშვებენ.

ტელეგრამის არხ SOTA-ს თანახმად, კარა-მურზას ბრალი ედება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. პოლიტიკოსს საპატიმროში ღამის განმავლობაში ტოვებენ.

2015 და 2017 წლებში კარა-მურზა საავადმყოფოებში მოხვდა კრიტიკულ მდგომარეობაში, მძიმე მოწამვლის სიმპტომებით. საფრანგეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა მძიმე მეტალების ნორმაზე გაცილებით მეტი კონცენტრაცია პოლიტიკოსის ორგანიზმში. კარა-მურზა მიმართავდა საგამოძიებო კომიტეტს, მაგრამ თავდასხმის საქმის აღძვრაზე მას უარს ეუბნებოდნენ.

თავად კარა-მურზა მიიჩნევს, რომ მისი მოკვლა რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით სურდათ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ მისი "მიზანმიმართული მოწამვლის" მიზეზი იყო მისი მრავალწლიანი მუშაობა პერსონალური სანქციების დაწესების საქმეზე ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეებისთვის. კარა-მურზა იყო ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსი, რომელიც ლობირებდა "მაგნიტსკის კანონის" მიღებას აშშ-ში, ის ასევე აშუქებდა ბორის ნემცოვის მკვლელობას და რეპრესიებს რუსეთში.

მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კარა-მურზამ, სხვა ოპოზიციონერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, შექმნა ომის საწინააღმდეგო კომიტეტი, რომლის წევრებმაც მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდეს, ომის დამნაშავეებად გამოაცხადონ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელმაც საომარი მოქმედებების გაცემის ბრძანება გასცა.