ტელეკომუნიკაციის ფინურმა გიგანტმა Nokia-მ გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში მუშაობას

ტელეკომუნიკაციის ფინურმა გიგანტმა, კომპანია Nokia-მ გამოაცხადა, რომ წყვეტს რუსეთში მუშაობას.

„უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან Nokia-სთვის ცხადი იყო, რომ რუსეთში ყოფნის გაგრძელება შეუძლებელია. უკანასკნელი კვირების განმავლობაში შევწყვიტეთ მომარაგება, შევაჩერეთ ახალი ბიზნესი და რუსეთის ფარგლებს გარეთ გადაგვაქვს ჩვენი შეზღუდული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ რუსეთის ბაზრიდან წასვლის შესახებ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, Nokia აპირებს, მომავალშიც განაგრძოს რუსეთში მოქმედი ქსელების მუშაობის მხარდაჭერა და განაცხადს შეიტანს ლიცენზიების მიღებაზე, რომლებიც საჭიროა ამ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად სანქციების პირობებში.

გუშინ რუსეთში მუშაობა შეაჩერა და რუსეთში დასაქმებული თანამშრომლები დროებით დაითხოვა შვედურმა კომპანია Ericsson-მა, რომელიც Nokia-სა და ჩინური კომპანია Huawei-ისთან ერთად შედის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გლობალურ მიმწოდებელთა სამეულში. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს აიხსნება უკანასკნელი მოვლენებითა და მოსკოვის მიმართ ევროკავშირის სანქციებით, რომლებიც მას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს.

8 აპრილს შემოღებული სანქციების მეხუთე პაკეტით აკრძალულია რუსეთში აღჭურვილობის მიწოდება კავშირგაბმულობის სამოქალაქო ქსელების ოპერატორებისთვის, რომლებიც 50%-ზე მეტით კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.