სომხეთმა, რომელიც ბუნებრივ გაზს რუსული კომპანია „გაზპრომ“-ისგან ყიდულობს, ანგარიშსწორება აშშ დოლარის ნაცვლად რუსული რუბლით დაიწყო.
„რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა იყო სწორედ რუბლით, შესაბამისი კურსის მიხედვით. ანუ ფასწარმოება დოლარშია, მაგრამ გადახდა რუბლით ხორციელდება“, - უთხრა რუსულ გამოცემა РБК-ს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.
გამოცემის თანახმად, სომხეთის მიერ გაზის საფასურის რუბლით გადახდა დაადასტურა "გაზპრომ"-ის წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა.
ასევე ნახეთ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის გაზის რუბლით გადახდის სისტემის შექმნის შესახებ ვალუტის გაძლიერების მიზნითუკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ამ ქვეყნის საფინანსო სისტემასაც. პასუხად, პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა, რომ რუსული გაზის მომხმარებელმა ქვეყნებმა საფასური რუბლით გადაიხადონ. ამაზე უარს ამბობენ ევროკავშირის სახელმწიფოები, რომლებსაც რუსეთი ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.
სომხეთი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეუერთდა. გამოცემა РБК-ს შეკითხვას, ურჩიეს თუ არა სომხეთს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, რომ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში არ დაეხმაროს, ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა უპასუხა, რომ სომხეთი სიტუაციას დეტალურად აკვირდება, რათა სანქციების ქვეშ არ მოხვდეს, ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა კი ნათლად გააგებინეს, რომ არ ისურვებდნენ სომხეთის მიმართ ნეგატიური ინსტრუმენტების გამოყენებას.