უკრაინაში დაიწყო "მძლავრი შეიარაღების" პარტიის ჩატანა

155-მილიმეტრიანი ჰაუბიცა, ერთ-ერთი, რომელსაც უკრაინა მიიღებს აშშ-ის დახმარებით.

უკრაინაში უკვე დაიწყო აშშ-ის 800 მილიონი დოლარის დახმარების ფარგლებში უკრაინის უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჩატანა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN -ი აშშ-ის მთავრობაში მყოფ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამ კვირის დასაწყისში დაამტკიცა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის დამატებითი პარტიის გამოყოფის გეგმა.

ვაშინგტონი პირველად დასთანხმდა კიევისთვის მიეწოდებინა იმ ტიპის მძლავრი იარაღი, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი, რამდენიმე კვირის წინ, ესკალაციის ძალიან დიდ რისკად მიიჩნევდა, მათ შორის ესენია: 11 ერთეული Mi-17 ვერტმფრენი, 18 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა და 300-ზე მეტი Switchblade-ის კლასის უპილოტო თვითმფრინავი.

პარასკევს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს უფროსმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იარაღისა და აღჭურვილობის პირველ რეისს რეგიონში მეორე დღეს ჩაიტანდნენ, რის შემდეგაც იგეგმებოდა მისი საზღვარზე უკრაინის წარმომადგენლებისთვის გადაცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გამოთქვა მოსაზრება, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და რიგი სხვა სახელმწიფოები "დღეს ძალიან კარგად უჭერენ მხარს უკრაინელებს. მაგრამ ეს დახმარება შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი იყოს. მათ ნამდვილად უფრო მეტი, უფრო მძლავრი დახმარებაც შეუძლიათ", - აღნიშნა ზელენსკიმ.