პრაღაში ერთ-ერთი ქუჩის ნაწილს რუსეთის საელჩოსთან უკრაინელი გმირების სახელი დაერქვა

ჩეხეთის დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, პრაღაში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ქუჩის, კორუნოვაჩნის, ნაწილს ეწოდა უკრაინელი გმირების სახელი.

უკრაინელი გმირების ქუჩა ემიჯნება რუსი ოპოზიციონერის, კრემლის აქტიური ოპონენტის, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანს. ნემცოვი მოსკოვის ცენტრში მოკლეს.

ასევე პრაღაში, უკრაინელი გმირების ქუჩასთან მდებარე ხიდს მიენიჭა უკრაინელი ჯარისკაცის, ვიტალი სკაკუნის სახელი. სკაკუნმა 24 თებერვალს ხერსონზე რუსეთის არმიის იერიშისას ააფეთქა ხიდი და იქ დაიღუპა, რათა რუსი სამხედროების სვლა შეეჩერებინა. მას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

ქუჩის და ხიდისთვის ახალი სახელების მინიჭების ცერემონიაზე ჩეხეთში უკრაინის ელჩის, ევგენ პერებიინისის გარდა, იმყოფებოდნენ ქალაქის მერი ზდენიეკ ჰრჟიბი და და პრაღის მეექვსე რაიონის მერი ონდჟეი კოლარჟი.

ადრე, 2020 წელს, პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან მდებარე პარკში, პრომენადს ეწოდა რუსი ჟურნალისტის, პრეზიდენტ პუტინის ოპონენტის, ანა პოლიტკოვსკაიას სახელი. პოლიტკოვსკაია თავის ბინასთან მოკლეს 2006 წელს.

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის საელჩოებთან ქუჩებისთვის სახელების შეცვლა მოხდა ნორვეგიაშიც, სადაც ერთ-ერთი ქუჩის ნაწილს უკრაინის მოედანი უწოდეს. ანალოგიური სახის ცვლილებები მოხდა პოლონეთში, ასევე ბალტიის ქვეყნებშიც.