24 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთის დასრულების შემდეგ, ზემო შუხუთის მკვიდრი შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ „Guria Now“ იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, „ა. მგელაძე, რომელიც ლელობურთის თამაშს ესწრებოდა, სახლში მისვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა“.
"გურია ნიუსი" ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილი უშუალოდ თამაშში მონაწილეობდა, შინ დაბრუნებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ამავე წყაროს ცნობით, ლელობურთის თამაშის დროს, 24 აპრილს, კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა და კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა.
„Guria Now“-მ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელიც ლელობურთის დღევანდელ თამაშს ასახავს.
ტრადიციული ლელობურთი ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე იმართება. 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს ტრადიცია დაირღვა.
2019 წლის ლელობურთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
ასევე ნახეთ ლელობურთი - შერკინება გურულად