ანტონიუ გუტერეში სერგეი ლავროვს შეხვდა მოსკოვში

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში (მარცხნივ) და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 26 აპრილი.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სამშაბათს მოსკოვში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა.

გუტერეში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ გაერო მზადაა მთელი თავისი ძალისხმევა მიმართოს მარიუპოლში ხალხის გადარჩენისკენ. ქალაქი პრაქტიკულად მთლიანად დანგრეულია რუსეთის ჯარების ორთვიანი ალყის შედეგად.

გუტერეშმა განაცხადა მზადყოფნაზე, წითელი ჯვრის კომიტეტთან ერთად უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება ბრძოლები და სადაც ასობით სამოქალაქო პირია დარჩენილი. გაეროს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, დამოუკიდებელი გამოძიება გაიმართოს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შესახებ ცნობების თაობაზე.

სერგეი ლავროვმა უკრაინის წარმომადგენლებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად ატარებენ მოლაპრაკებებს, დასავლეთის ქვეყნებს კი იმაში, რომ ისინი უკრაინას იარაღით „ბერავენ“, რათა ბრძოლის ველზე მის უპირატესობას მიაღწიონ. „თუ ეს გაგრძელდება, მოლაპარაკებებს ვერ ექნება რაიმე შედეგი. მაგრამ ჩვენ ერთგული ვართ საკითხის მოლაპრაკებებით გადაწყვეტისა,“ თქვა ლავროვმა. გუშინ მან განაცხადა, რომ მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შინაარსი დამოკიდებული იქნება საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე. მან ასევე რეალური უწოდა ბირთვული ომის პერსპექტივას, თუმცა თქვა, რომ რუსეთისთვის ასეთი ომი მიუღებელია.

როგორც მოსალოდნელია, გუტერეში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მოსკოვიდან გაეროს გენერალური მდივანი კიევში აპირებს გამგზავრებას. მისი მოგზაურობის მარშრუტი გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან თქვა, რომ გენერალური მდივანი ჯერ უკრაინაში უნდა ჩასულიყო და ენახა ნგრევა, ამის შემდეგ კი გამგზავრებულიყო მოსკოვში.