გერმანიის კანცლერი პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ომის დასრულებისკენ

ოლაფ შოლცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

"დაასრულეთ ეს ომი, დაასრულეთ უაზრო ხოცვა, გაიყვანეთ ჯარები უკრაინიდან", - თქვა მან 2 მაისს ბერლინში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ.

შოლცის თქმით, პუტინი ვერ იხილავს სანქციების მოხსნას უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გარეშე და მიზანი უნდა იყოს ის, რომ რუსეთის მზაობას, ძალა გამოიყენოს, არ მოჰყვეს წარმატება.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა იცვლებოდეს", - თქვა შოლცმა.

მოდიმ განაცხადა, რომ ვითარების გადაჭრის ერთადერთი გზა დიალოგია.

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ ომში გამარჯვებული არავინ იქნება, ყველა წააგებს. ჩვენ მშვიდობას ვუჭერთ მხარს", - თქვა მოდიმ, რომელმაც უარი განაცხადა კითხვებზე პასუხების გაცემაზე წინასწარ მომზადებული ტექსტის წაკითხვის შემდეგ.

მოდი, რომლის მთავრობაც თავისი სამხედრო შეიარაღების უდიდეს ნაწილს რუსეთიდან იღებს, გამოდის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით, თუმცა წინააღმდეგობას უწევს დასავლეთის მოწოდებებს, დაგმოს კრემლის მოქმედებები.

შოლცის და მოდის გამოსვლების პარალელურად, სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, ოდესაში, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც ადამიანების დაღუპვა და დაჭრა მოჰყვა - წერს ადგილობრივი გუბერნატორი, მაქსიმ მარჩენკო ტელეგრამით. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.