ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიიჩნევს მის მიერვე გაჩაღებული ომის მძევლად.
9 მაისს, ვაშინგტონში, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ბაიდენმა განაცხადა, რომ მოცემულ მომენტში პუტინს, რომელიც საკმაოდ ანგარიშიანი ადამიანია, ომიდან გამოსავალი არ აქვს და ეს შემაშფოთებელია. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეეცდება გაარკვიოს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში.
ბაიდენის თანახმად, პუტინი შეცდა, როცა ეგონა, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა ნატოს და ევროკავშირის გახლეჩას, რადგან სინამდვილეში, აშშ და ბევრი ევროპული ქვეყანა უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.
ასევე ნახეთ ბაიდენმა ხელი მოაწერა "ლენდ-ლიზის" კანონს უკრაინისთვის, რაც დააჩქარებს სამხედრო დახმარების მიწოდებასრუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".
ასევე ნახეთ პუტინის 9 მაისი - გამარჯვების ანგარიშისა და საბრძოლო თვითმფრინავების გარეშერუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.