„IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი კომპანია საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემას სთავაზობს

ფოტო არქივიდან. ბორჯომი 30 იანვარი 2013 წელი

„IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელი კომპანია საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცემს წილების ნაწილს“,- ამის თაობაზე ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„IDS BORJOMI International-მა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების გამო, IDS BORJOMI International-ს აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, IDS BORJOMI International-ის მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემდგომ, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მასში არაა დაკონკრეტებული წილების რა პროცენტზეა საუბარი. რადიო თავისუფლება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა საკითხის ირგვლივ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციისთვის მისაღებად.

სამინისტროში ადასტურებენ კომპანიის მხრიდან მიღებული შეთავაზებას და აცხადებენ, რომ წინადადებას სწვალობენ, მოგვიანებით წინადადების პირობებს შესასწავლად მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც, მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯარობდება ინფორმაცია.

„დღეს IDS Borjomi International-ში აქციონერების წარმომადგენელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნულის შესახებ განცხადება შემოიტანა. ამ განცხადებას სწავლობს ეკონომიკის სამინისტრო და ის შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნა. შედეგის მიღებისთანავე დეტალები გასაჯაროვდება“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. თუმცა უცნობია რამდენ ხანს გასტანს საკითხის შესწავლის პროცესი.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში იმყოფება. კომპანიამ შექმნილი კრიზისის არგუმენტით მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ ძველ შეხშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

ბორჯომთან“ დაკავშირებით 30 აპრილს კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ „მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი“. თუმცა ამ საკითხს მეტი კონკრეტიკა აღარ მოჰყოლია.

ეკონომინის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არც 16 მაისს დააკონკრეტა არის თუ არა რაიმე სიახლე დაპირებულ "სასიამოვნო ინფორამციასთან" დაკავშირებით.

მან 17 მაისს მედიასთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ „რამდენიმე დღეში მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანია „ბორჯომს“, აღადგინოს საქმიანობა“

„აქ არის ორი საკითხი - პირველ რიგში, რომ კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება, ეს არის უმთავრესი საკითხი. მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს, საკმაოდ დიდი ხანია. ვმუშაობთ როგორც აქციონერებთან, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები. შესაბამისად, კომპანია არ იყოს სანქცირების საგანი, საერთაშორისო სანქციების საგანი. ამავდროულად, ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებლებთან, ვისი სანქციების ქვეშაც არიან დამფუძნებლები და შესაბამისად, კომპანიის ფუნქციონირებას აქვს გარკვეული შეფერხებები. ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე და მე იმედი მაქვს, რომ უკვე რამდენიმე დღეში შევძლებთ, რომ მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, აღადგინოს თავისი საქმიანობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.

„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.

"IDS ბორჯომი საქართველოს" დირექტორი ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანია, ის კომპანიის დირექტორის პოსტზე 2021 წლის ივნისიდან მუშაობს. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 1500 ადამიანი.