უკრაინის გამო ევროკავშირის ბზარები ფართოვდება: იტალია და უნგრეთი ზავს ითხოვენ

არქივის ფოტო: ევროკავშირის სამიტი

იტალიამ და უნგრეთმა ევროკავშირს მოუწოდეს, მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

ამით ეს ორი ქვეყანა, მომავალ კვირაში დაგეგმილი სამიტის წინ, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სხვა წევრებს, რომლებიც ემხრობიან მკაცრ პოზიციას მოსკოვის მიმართ.

ევროკავშირის სამიტის დასკვნითი განცხადების პროექტში, რომელსაც Reuters-ი გაეცნო და რომელიც 19 მაისითაა დათარიღებული, ნათქვამია, რომ „ევროკავშირის ურყევი მოვალეობაა, დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვის განუხრელი უფლების რეალიზებაში.“

ტექსტში არ არის ნახსენები სამშვიდობო მოლაპარაკება. ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე 20 მაისს იტალიის წარმომადგენელმა მოითხოვა ტექსტში ცვლილების შეტანა და თქვა, რომ მასში უნდა იყოს ასევე აღნიშნული სამშვიდობო მოლაპარაკების და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, როგორც ევროკავშირის უმთავრესი მიზნის შესახებ. ამის თაობაზე სააგენტოს აცნობეს წყაროებმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ.

ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს უნგრეთმა და კვიპროსმა. ეს ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ რუსეთისთვის ახალი სანქციების პაკეტს, რის გამოც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია ამ გადაწყვეტილების დამტკიცება.

უნგრეთი რუსეთის ნავთობზე ემბარგოს არ ეთანხმება, ხოლო კვიპროსი წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეთათვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვისა.

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა, მძაფრი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ დავოსის ფორუმზე გამოსვლისას 24 მაისს და არ უხსენებია სამშვიდობო მოლაპარაკება. მისი თქმით, „ უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ) პუტინის აგრესია უნდა იქცეს სტრატეგიულ ჩავარდნად“.

დიპლომატებზე დაყრდნობით, Reuters-ი იტყობინება, რომ მკაცრი ხაზის ყველაზე აქტიური მომხრეები არიან ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი, ხოლო ლატვია მოითხოვს სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის უფრო მკაფიო ფორმულირებას.

გასულ კვირაში იტალიამ წარადგინა სამშვიდობო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს როგორც შუამავლების მონაწილეობას მოლაპარაკებაში, რომელზეც უნდა მოხდეს პირველადი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.