რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უფლებას იძლევა, არ შესრულდეს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს (ECHR) დადგენილებები, რომლებიც 2022 წლის 15 მარტის შემდეგაა მიღებული. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის პრესსამსახური იტყობინება.
გადაწყვეტილება ახსნეს რუსეთის გარიცხვით ევროპის საბჭოდან. რუსეთს ორგანიზაცია მარტში დაატოვებინეს უკრაინაში შეჭრის გამო. ECHR-ის დადგენილებების მიხედვით, ფულადი ანაზღაურებების გადახდა მხოლოდ რუბლებში მოხდება რუსეთის ბანკების ანგარიშებზე. ამის შესახებ ადრე განაცხადა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისი სიტყვებით, ახლა რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილებებს უპირატესობა ექნება ECHR-ის დადგენილებებთან მიმართებაში.
რუსეთი 1996 წელს გახდა ევროსაბჭოს წევრი. თებერვლის ბოლოს ორგანიზაციამ რუსეთს წევრობა შეუჩერა უკრაინაში შეჭრის გამო. ამის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს ევროსაბჭოს მუშაობაში, ორგანიზაციის კომიტეტმა კი მას წევრობა შეუჩერა. 15 მარტს რუსეთი გარიცხეს ევროპის საბჭოდან. ის ისტორიაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ორგანიზაციიდან გაირიცხა.