საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ჩრდილოეთი მაკედონია

მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 12 ივნისს თბილისში ჩაატარებენ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში, ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და გათამაშების ცხრილში ლიდერის პოზიცია გაიმყარა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი გიბრალტარისა (4:0) და ბულგარეთის (5:2) ძლევის შემდეგ, 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად, სკოპიეში დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლით (3:0) აჯობა. გოლები გაიტანეს ბუდუ ზივზივაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ოთარ კიტეიშვილმა.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ცხრა ქულით ლიდერობს და ჯგუფში მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას ხუთი ქულით უსწრებს. ბულგარეთს ორი ქულა აქვს, ხოლო გიბრალტარს - ერთი.

მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 12 ივნისს ჩაატარებენ თბილისში - „დინამო არენაზე“ ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.