საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები სწრაფად გაიყიდა

„დინამო არენა“. 2022 წლის 2 ივნისი

12 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთს სავსე ტრიბუნებით დაუხვდება.

10 ივნისს, თამაშამდე ორი დღით ადრე, მატჩზე დასასწრები ბილეთები რამდენიმე საათში გაიყიდა. ბილეთები რომ აღარაა, ამას tkt.ge-იც იუწყება. „დინამო არენის“ ტრიბუნები 55 ათასამდე მაყურებელს იტევს.

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის მატჩი კვირას, 20:00 საათზე დაიწყება და საქართველოს ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება B დივიზიონს.

სამი ტურის შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე ცხრა ქულა და ლიდერის პოზიციაა. მეორე ადგილზე მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიას ოთხი ქულა აქვს, ბულგარეთს - ორი, ხოლო გიბრალტარს - ერთი.