აშშ-ში გაზის, ენერგიისა და საკვების ფასების რეკორდული ზრდა არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის - უკრაინაში ომის დაწყების - შედეგი, ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"გალონი (4,55 ლიტრი) ბენზინის ფასი 2 დოლარით გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარმა უკრაინას შეუტია", - განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები ინფლაციასთან საბრძოლველად. კერძოდ, გავლენა მოახდინოს საქონლის გადაზიდვის ღირებულებაზე, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ საბოლოო ფასზე და შეუმსუბუქოს ამერიკელთა ოჯახებს ელექტროენერგიის და ექიმის რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტების საფასურის გადახდა.
გარდა ამისა, ბაიდენმა მოუწოდა, გატარდეს საგადასახადო რეფორმა, რათა "აიძულონ უმდიდრესი ამერიკელები და მსხვილი კორპორაციები გადაიხადონ თავიანთი სამართლიანი წილი".
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები უკვე მომავალ წელს რეკორდული რაოდენობის ნავთობის წარმოებას აპირებს, რაც, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს საწვავის ღირებულების დარეგულირებაზე.