რუსი მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი), რომელიც მანამდე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გაათავისუფლა სინოდის საეკლესიო ურთიერთობების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან, თანამდებობიდან გადაყენებას "არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს" უკავშირებს.
ილარიონი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან იერარქად ითვლებოდა, ბოლო სხდომაზე გარიცხეს სინოდიდან, რომლის წევრიც 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო და ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშნეს. ეს მოხდა მოსკოვის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობის შესახებ მოსკოვის დაქვემდებარებაში შემავალი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე.
კვირას მოსკოვში, ბოლშაია ორდინკაზე მდებარე ეკლესიაში წირვის შემდეგ, რომლის მოძღვარიც იყო, ილარიონი დაემშვიდობა მრევლს და თქვა, რომ თავის გადაყენებასთან დაკავშირებით მისთვის "ბევრი დეტალი უცნობია". ილარიონმა ხაზი გაუსვა, რომ მას" უთხრეს", რომ გადადგომა არ იყო დაკავშირებული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდში მუშაობასთან, არამედ სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოთხოვნებთან. "თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ გზამ ძალიან მკვეთრი მოსახვევი გააკეთა, მე მასში ვერ ჩავეწერე და ტროტუარზე აღმოვჩნდი. მაგრამ ეს უმჯობესია, ვიდრე კიუვეტზე გადავსულიყავი, ჩემი მანქანა გადატრიალებულიყო და აფეთქებულიყო", - მიმართა მრევლს ილარიონმა, რომელიც აცხადებს, რომ არ არის კარიერას გამოკიდებული.
მიტროპოლიტი ილარიონი რუსეთის პატრიარქ კირილეს ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, ის არის კირილეს ბიოგრაფიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნდა სერიით - "შესანიშნავი ადამიანების ცხოვრება".