ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთისა და ალჟირის დაახლოებაზე

საილუსტრაციო ფოტო

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრმა ნადია კალვინიომ შეშფოთება გამოთქვა ესპანეთის და ალჟირის ურთიერთობის გაუარესების თაობაზე. ალჟირმა, რომელიც ესპანეთისთვის ბუნებრივი აირის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, გასულ კვირაში შეაჩერა ესპანეთთან გაფორმებული "მეგობრობის შეთანხმების" მოქმედება. კალვინიო თვლის, რომ ესპანეთის და ევროკავშირის ზურგს უკან ალჟირი რუსეთთან ავითარებს კავშირებს.

კალვინიომ განაცხადა, რომ ალჟირის ხელისუფლებას არანაირად არ აუხსნია რატომ ტოვებს ოცი წლის წინ ხელმოწერილ შეთანხმებას. თუმცა, მინისტრის აზრით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს მადრიდის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები არაღიარებული სახელმწიფოს, ჩრდილოეთ საჰარის მხარდასაჭერად - რითაც მადრიდი მიემხრო ალჟირის მეტოქის, მაროკოს პოზიციას.

ალჟირი შედის აფრიკის სამ უმსხვილეს გაზის მიმწოდებელ სახელმწიფოთა ჯგუფში და ესპანეთი დამოკიდებულია მასზე - ალჟირული გაზის ესპანეთისთვის მიწოდების გრძელვადიანი შეთანხმებები ითვალისწინებს უფრო ნაკლებ ფასს, ვიდრე ამჟამად აღირიცხება გაზის ბაზარზე. ალჟირის პრეზიდენტი აბდელმაჯიდ ტებუნი ირწმუნება, რომ გაზის მიწოდების შესახებ ყველა შეთანხმება ძალაში დარჩება, თუმცა, ესპანეთი შიშობს, რომ ალჟირმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის ფასი გადასინჯოს. ამასთან, ალჟირმა განაცხადა, რომ შესაძლოა გაწყდეს ნებისმიერი შეთანხმება, თუკი ესპანეთი ალჟირულ გაზს მხოლოდ თავად კი არ მოიხმარს, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც გაუზიარებს.

კალვინიო თვლის, რომ ალჟირი "სულ უფრო აშკარად ხდება რუსეთის მოკავშირე" - ანუ ევროპისთვის ბუნებრივი აირის კიდევ ერთი ძირითადი მიმწოდებელი ქვეყნის. მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალჟირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მისი ვიზიტი განხორციელდა ევროპელი მაღალჩინოსნების მოწოდებების ფონზე აფრიკიდან გაზის იმპორტის განვითარებისკენ, რუსეთიდან მიწოდების ჩანაცვლების მიზნით.