უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, რა ფასის გადახდისთვის არის მზად უკრაინა ამისთვის, ხოლო დასავლეთის ამოცანაა, ისე მოხდეს, რომ კიევს არ მოუწიოს ტერიტორიულ დათმობებზე და დამოუკიდებლობის დაკარგვაზე წასვლა, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 12 ივნისს, ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა არ არის მზად ნებისმიერი ფასი გადაიხადოს მშვიდობისთვის.
"მე ვერ განვსჯი იმას, რამდენად მაღალი საფასური უნდა გადაიხადოს უკრაინამ. ფასს ჩვენც ვიხდით, იმიტომ რომ მხარდაჭერას ვუწევთ და სანქციები შემოგვაქვს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე მაღალ ფასს სწორედ უკრაინელები იხდიან, ყოველდღიურად", - თქვა ნატოს ხელმძღვანელმა.
სტოლტენბერგის თქმით, საომარი მოქმედებების დასრულებისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან უარის თქმა ომზე, რადგან მასზე პასუხისმგებლობა მხოლოდ კრემლს ეკისრება.
გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხშირად საუბრობდა ომის მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულების შესახებ. ხოლო დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, კიევის პოზიცია მაქსიმალურად გაძლიერდეს, თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი, მაგრამ უთანხმოებები დიპლომატიური გზებით უნდა გადაიჭრას.