ზურაბიშვილი რიყეზე მიმდინარე აქციაზე: დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში, რიყეზე მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან თავისი მთავარი გზავნილის შესახებ ილაპარაკა.

„მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ვართ, რაღაც პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, დღეს გამოხატონ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა ერთადერთი არის ევროპაში. ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის წყნარად. სამწუხაროდ, ჩვენ დიდად ვერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ევროპელები ვართ და ევროპისკენ მივდივართ. არეულობა [შეკრებაზე] ცოტა არ იყოს უხერხულიც არის“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და ქცევა დაუწუნა ჟურნალისტებს, რომლებსაც მისგან სხვადასხვა საკითხზე პასუხები აინტერესებთ.

პრეზიდენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქციაზე ყველა მისულია თავისი ნებით და არავის აქვს სხვაზე მეტი უფლება.

„ეს არის მათი [მოქალაქეების] გამოხატულება, არ ვარ აქ პრეზიდენტი. ძალიან ხშირად ხან ერთ მხარეს, ხან მეორეს ძალიან ხშირად ავიწყდება, რომ პრეზიდენტი ვარ, ან არ უნდა, რომ აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, მე ვარ ერთი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე და სწამს, რომ ქვეყანას სხვა მომავალი არ აქვს. მე სანამ შევძლებ, სადაც ვარ იმ ადგილიდან და შემდგომ სხვა ადგილიდანაც, თუ საჭირო გახდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პერსპექტივა განხორციელდეს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

აქციაზე მისული ხალხის რაოდენობის შესახებ დასმულ შეკითხვას ზურაბიშვილმა უპასუხა: „ჩემთვის ორგანიზაცია არ ნიშნავს მიკროავტობუსებით აქტივისტების ჩამოყვანას, აქტივისტების თავმოყრას და ა.შ. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის. ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვართ ამაში“.

პრეზიდენტმა უპასუხა ასევე შეკითხვას, ელოდებოდა თუ არა აქციაზე პოლიტიკური პარტიების მისვლას? „არ ველოდებოდი. ვთქვი გარკვეულად, რომ ეს არ არის შეკრება პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს არის თავისუფალი ადამიანების შეკრება იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, როგორი მომავალი გვინდა ჩვენი შვილებისთვის“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პარტია „ლელოს“ წევრმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც აქციაზე იმყოფება, რადიო თავისუფლებას უთხრა: „აქციაზე მისვლის მოტივაცია არის ყველასთვის ნაცნობი, ის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ევროპისადმი. ცალსახაა, რომ ვიქნებით ყველგან, სადაც მსგავსი მესიჯები გაჟღერდება, იქნება გზავნილი ერთად ევროპისკენ. მიუხედავად ბევრი სხვაობისა, კრიტიკისა, რომელიც გვაქვს ორგანიზატორის მიმართ, ვთვლით, რომ დღეს აქ უნდა ვყოფილიყავით“.

კუპრაძის შეფასებით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. „არა მხოლოდ წავალთ [20 ივნისს], არამედ ვიშრომებთ იმისთვის, რომ მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს“, - თქვა მან.

დღევანდელ აქციაზე ხალხის სიმცირეს კუპრაძე ხსნის იმით, რომ, მისი აზრით, ეს არის „დამყოფი აქცია, რომელიც კი არ აერთიანებს საზოგადოებას, არამედ ყოფს. იმიტომ, რომ მოჰყვა იმ ბრიფინგს, რომელსაც მოჰყვა“.

აქციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ". ადგილზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

პარლამენტის წევრმა „მოქალაქეებიდან“ ალექსანდრე ელისაშვილმა გვითხრა, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მისთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა, ვინ იყო ორგანიზატორი.

„ათეულობით მილიონი ქართველი, ჩვენი წინაპარი შეეწირა იმას, რომ ვყოფილიყავით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის - ევროპის. ის, რომ მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა მივიღეთ და არა მაზდეანობა, ეს იყო ზუსტად ევროპული და ცივილიზებული არჩევანი ჩვენი. ამიტომ ვდგავარ აქ. მინდა, რომ საქართველო იყოს ბოლოს და ბოლოს იქ, სადაც არის მისი ისტორიული ადგილი, ევროპაში, რისთვისაც იბრძოდა მთელი საუკუნეების განმავლობაში და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ამ დიდ ოჯახში. გამოგვდევნა ამ ისტორიულმა ქარტეხილებმა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთან ძალიან ვიწროდ უყურებენ ამ ყველაფერს პარტიებიც, პოლიტიკოსებიც და სამოქალაქო აქტივისტებიც. ყველას თავისი გადასახედი აქვს, პრიზმა აქვს, თავისი ჭუჭრუტანა აქვს - „იმის დაძახილზე არ მივალ...“. ევროპაში გინდა? რას ჩივი, ვისი დაორგანიზებული აქცია“, - განაცხადა ელისაშვილმა და დაამატა, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზეც აპირებს მისვლას.

აქციას ესწრებიან საფრანგეთის, გერმანიის, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ბრიფინგზე მოუწოდა მოქალაქეებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე მისვლისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

კანდიდატის სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე, 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია, რომლის ნაწილი საქართველოში ოპოზიციური ტელევიზიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასჯელსა და „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მფლობელების მიმართ აღძრულ საქმეებს შეეხებოდა. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას, რადგან აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს "დესტრუქციულ როლს" ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა "ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".