მედვედევმა „ბაყაყების, ღვიძლისა და მაკარონის თაყვანისმცემლები" უწოდა კიევში ჩასულ ევროპელ ლიდერებს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, აგდებული კილოთი მოიხსენია უკრაინაში 16 ივნისს ჩასული გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერები და მათ ვიზიტს არაფრისმომცემი უწოდა.

"აი, უყვართ ბაყაყების, ღვიძლისა და მაკარონის ევროპელ თაყვანისმცემლებს კიევის მონახულება. სარგებელი - ნულია. კვლავ დაჰპირდნენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ძველ ჰაუბიცებს, გადაჰკრეს ჰორილკა და მატარებლით, როგორც ასი წლის წინ, შინისკენ გაეშურებიან. ყველაფერი კარგია. მაგრამ ეს უკრაინას მშვიდობასთან ვერანაირად ვერ მიაახლოებს. არადა, დრო იწურება“, - წერს ტვიტერში დმიტრი მედვედევი.

წინა დღით მედვედევმა უკრაინას მომდევნო 2 წლის განმავლობაში მსოფლიო რუკიდან გაქრობაც კი უწინასწარმეტყველა.

მედვედევის თქმით, უკრაინას, სავარაუდოდ, სურს მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი შეერთებული შტატებისგან ლენდ-ლიზის წესით, მიწოდებული ენერგიის 2 წლის შემდგომი გადახდით. "არსებობს უბრალო კითხვა. და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა საერთოდ იარსებებს მსოფლიო რუკაზე?"- წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურობს სოციალურ ქსელებში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი 16 ივნისს პირველად ჩავიდნენ კიევში სპეციალური მატარებლით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. დღეს კიევს ესტუმრა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ევროკავშირის 4 სახელმწიფოს მეთაურები ეწვივნენ რუსეთის მიერ განადგურებულ ქალაქ ირპენს და მოლაპარაკება გამართეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.