კახეთში 16 ივნისის სტიქიის შედეგად 2300 ჰექტარზე მეტი ფართობი დაისეტყვა

16 ივნისს დასეტყვილი ბაღი სოფელ ჩუმლაყში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალურმა კომისიამ 16 ივნისს სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაითვალა. კომისიის ინფორმაციით, 2375 ჰექტარ სასოფლო სამეურნეო სავარგულზე გაშენებული ხეხილი, ვაზი და ერთწლიანი კულტურები განადგურდა, საიდანაც მხოლოდ მხოლოდ 214 ჰექტარი ტერიტორია იყო დაზღვეული.

16 ივნისის საღამოს ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის სოფლებში, ახაშენში, ველისციხეში და ჩუმლაყში ვენახები, ატმის და გარგარის ბაღები, ბოსტნეული, ასევე ერთწლიანი კულტურები გაანადგურა. ატმის კრეფა მეხილეებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ზოგიერთ ადგილზე მოსავალი 70-80 პროცენტით არის განადგურებული.

დაზარალებულები ამბობენ, რომ წლის განმავლობაში მათი შემოსავალია სეზონური ხილისა და ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული ფინანსები, რაც წელს არ ექნებათ. ფერმერთა ნაწილი აღნიშნავენ, რომ ახლა დახმარება განსაკუთრებით სჭირდებათ.

შეკითხვაზე, მოხდება თუ არა ზარალის ანაზღაურება, გურჯაანის მერი ზურაბ უტიაშვილი ფერმერებს პასუხობს:

„ჯერჯერობით ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება აგროდაზღვევაა და ამაზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონებიათ. ყველა ფერმერმა, ვისაც მოჰყავს მოსავალი, ის უნდა დააზღვიოს".

კახეთის რეგიონის გარკვეულ ნაწილს სეტყვა და ძლიერი წვიმა ყოველ წელს აზარალებს. ნადგურდება როგორც მოსავალი, ასევე ინფრასტრუქტურა. დაზარალებული მოსახლეობა მუდმივად დახმარებას ითხოვს, თუმცა ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო სამშენებლო და გადასახური მასალებით ეხმარება მხოლოდ იმ ოჯახებს, ვისი სახლიც სტიქიის დროს დაზიანდა.